შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები 2019 წლის 6 ნოემბერს, ძალადობის გამოყენებით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ სოფელ არბოშიკში მცხოვრებ, 1959 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს, რის შემდეგაც მისი საცხოვრებელი სახლიდან ფული და სამკაულები გაიტაცეს. თავდასხმის შედეგად თ.ბ. გარდაიცვალა.
შსს-ს ცნობით, პოლიციამ ორი ბრალდებული - ტ.ლ. და დ.ჯ. აჭარაში იმ დროს დააკავა, როდესაც ისინი სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, არალეგალური გზით, თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას გეგმავდნენ. ჯგუფის მესამე წევრი - თ.მ. კი სამართალდამცველებმა ქალაქ რუსთავში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სამკაულები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
განზრახ მკვლელობის და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.