weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

1-ლი იანვრიდან მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

23:53 ოთხშაბათი, 11 დეკემბერი 2019

2020 წლის 1-ლი იანვრიდან მთაში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული პენსიონერები 263 ლარ პენსიას მიიღებენ, ხოლო პირველი ივლისიდან 300 ლარს, - ამის შესახებ მთის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის, თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ იმ სოციალურად მნიშვნელოვან დახმარებაზე, რომელსაც დღეს ჩვენ მთის შვილებს ვუწევთ, როგორიც არის მაგალითად ელექტროენერგიის გადასახადზე დახმარება, მაღალ მთაში მასწავლებლებისთვის სპეციალური დანამატის გაკეთება, ისევე, როგორც მედიკოსებისთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაღალ მთაში დაბადებული ახალშობილებისთვის ფინანსური მხარდაჭერა ერთი წლის განმავლობაში,“ - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთის მიმართ ყურადღება გაორმაგდება, მთა უნდა გახდეს მდგრადი, უნდა გაჩნდეს ეკონომიკა, შეიქმნას კომპანიები, რომლებიც მოემსახურებიან მთელს ქვეყანას და ექნებათ ექსპორტის პოტენციალიც.

„მსურს, სრული პასუხისმგებლობით დაგპირდეთ, რომ ყურადღება მთის მიმართ, მთის განვითარებისა და მთის შვილების მიმართ გაიზრდება, იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ და შევასრულოთ ჩვენი პოზიტიური ვალდებულება, მთაში დაბადებულ ამაყ ადამიანს ჰქონდეს საშუალება, ღირსეულად იცხოვროს და განავითაროს თავისი ოჯახი, თავისი შვილები მთაში.

სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობამ მიიღო და შექმნა კანონი საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ. სწორედ ამიტომ შეიქმნა მთის ეროვნული საბჭო და სწორედ ამიტომ დაარსდა მთის განვითარების ფონდი“, - განაცხადა გახარიამ.

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის მიხედვით, მთის სტატუსი დღეს მინიჭებული აქვს ქვეყნის 1 731 დასახლებას. მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით სარგებლობს 246 012 მოქალაქე.

მთის კანონი მთავრობის გადაწყვეტილებით 2015 წელს შემუშავდა და 2016 წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდა.

წელს კი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით, მთავრობამ დაამტკიცა მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მიერ  შემუშავებული „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 5-წლიანი სტრატეგია (2019-2023 წწ). სტრატეგიის მიზანია მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება, იქ მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა. სტრატეგიის ორწლიანი სამოქმედო გეგმის საპროგნოზო ბიუჯეტი დაახლოებით 700 მილიონი ლარია.

მთიან რეგიონებში ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით, მეწარმეები საგადასახადო, მოსახლეობა კი სოციალური შეღავათებით სარგებლობს, ესაა: დანამატი სახელმწიფო პენსიაზე, ელექტროენერგიის ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურება, ზამთრის პერიოდში დახმარება გათბობის უზრუნველსაყოფად, მთიან რეგიონებში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ახალდაბადებულ ბავშვებზე დაწესდა ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიური ფინანსური დახმარება, დანამატები გაიცემა საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და სამედიცინო პერსონალისთვისაც.

კანონის ამოქმედებიდან დღემდე მთის ფონდიდან გამოიყო 86 მილიონი ლარი, რომლის დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]