weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მთავრობამ მთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 11 ადამიანი დააჯილდოვა

00:52 ხუთშაბათი, 12 დეკემბერი 2019
ფოტოზე - გაგა და გია ლიქოკელები მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად ფოტოზე - გაგა და გია ლიქოკელები მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად

მთის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მთის თემის პოპულარიზაციისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წელს სპეციალური ჯილდო „მთის შვილი“ 11 ადამიანს გადასცა. მათ შორის არიან: ლიქოკელების მრავალშვილიანი ოჯახი ხევსურეთიდან, ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი, მწერალი ბესიკ ხარანაული, კამპანიის „დაკარგული სამოთხე“ ავტორი ლექსო ჩარკვიანი და სხვები.

მეცხვარე გოგო უკანა ფშავიდან - მარიამ ქოჩაშვილი მეშვიდე კლასში იყო, ცხვარში პირველად რომ წავიდა. სოფელ თხილიანაში უკვე აღარ უკვირთ მარიამის ცხვარში დანახვა. თვითონ ამბობს, რომ მის საქმიანობაში უჩვეულო არაფერია. რამდენიმე წლის წინ ოცნება აიხდინა და სამედიცინო განათლება მიიღო. შაბათ-კვირას და უქმე დღეებში ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში ექთნად მუშაობს. დიდი სურვილი აქვს რომ ფშავში დასაქმდეს და მიღებული ცოდნით ადგილობრივებს დაეხმაროს.

შიდა ქართლის სოფელ მღებრიანში ექიმს ეძახიან. გიორგი დავითაშვილი მაღალმთიან რეგიონებში პირველადი სამედიცინო (ექიმამდელი) დახმარების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული ნომინანტია. პროგრამა იმ მაღალმთიან დასახლებებზე ვრცელდებოდა, რომლებიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზეა და სადაც სამედიცინო დაწესებულება არ ფუნქციონირებს.

ლიქოკელების მრავალშვილიან ოჯახი პირაქეთა ხევსურეთის სოფელ ჭალისოფლიდან. ამ სოფელში მხოლოდ მათი ოჯახი ცხოვრობს და მამა-პაპის ადგილს არ ტოვებს. ოჯახის სამი წევრი სკოლის მოსწავლეა და ბარისახოს სკოლა-პანსიონში სწავლობენ. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით პანსიონში რჩებიან, შაბათ-კვირას კი მშობლებს ეხმარებიან - მთაში საქონელს მწყემსავენ, თიბავენ, თივას აგროვებენ და სხვა სამუშაოებს ასრულებენ. ბიჭები ამბობენ, რომ სოფელს ვერ დატოვებენ, რადგან იქ სალოცავებია და მიხედვა უნდა.

ზღვის დონიდან 1680 მეტრზე, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე ულამაზესი სოფელი გონა მდებარეობს. სოფელს დაზამთრებამდე მხოლოდ ერთი, გობეჯიშვილების ოჯახი არ ტოვებს. მათ სახლს დები იშხნელების სტუმრობაც კი ახსოვს. გია და ირინა გობეჯიშვილები მესაქონლეობას მისდევენ და მიწას ამუშავებენ. როგორც ამბობენ, რაჭაშიც კი გამორჩეულია მათ კუთხეში გამოყვანილი ლორი. გონა მინერალური წყლების სიუხვითაც გამოირჩევა, ხოლო მდინარე ჩვეშურა მთის კალმახით. გობეჯიშვილების ყველაზე დიდი სურვილი გვერდით მეზობლების ყოლა და ერთ დროს სიცოცხლით სავსე სოფლის კვლავ გაცოცხლებაა.

სოფელი ტატანისი ახალციხის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ზედგინიძეების ახალგაზრდა ოჯახი ორი მცირეწლოვანი შვილით მამა-პაპისეულ სახლს დაუბრუნდა. დათო ამჟამად სახლს საკუთარი ხელით არემონტებს, ოჯახის სურვილია საქონელიც იყოლიოს და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებიც აწარმოოს. იმედი აქვთ, რომ მათი მაგალითი გადამდები იქნება და სოფელს სხვა ახალგაზრდა წყვილებიც დაუბრუნდებიან.

ხათუნა ღურჭუმალიძე ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასპერის დაწყებითი კლასების მასწავლებელია. მოსწავლეებს მზეებს ეძახის, როდესაც რაიმე ეშლებათ, ღრუბელი მოგეფარა და მოდი, ამინდი გამოვიყვანოთო ეუბნება. საგვარეულო სახლს 25 წლის წინ დაუბრუნდა. მარტოს მოუწია 3 შვილთან ერთად მეურნეობის გაძღოლა, გუთანზე მუშაობა და ზვინვაც შვილებთან ერთად ისწავლა. სოფლის მეურნეობას მისდევს, საქონელი ჰყავს. სურს ლეჩხუმს დაუბრუნოს გადაშენებული ხეხილის ჯიშები: აბელოური, თურაშაული, ყინულა ვაშლი. სოფლის მოსახლეობისგან ლეჩხუმური საჭმელების რეცეპტებს იწერს და აცოცხლებს. მოიყვანა ლეჩხუმისთვის დამახასიათებელი სანელებლები, რომლითაც გააკეთა ლეჩხუმში გავრცელებული და უკვე დავიწყებული „ბებიას მარილი.“ ამზადებს ლეჩხუმურ აჯიკას და საწებელს, აწარმოებს ტრადიციულ ხალმის ყველს და მჟავეს. მისი ოცნებაა ეთნო-სამზარეულო სახლის აშენება, სადაც იქაურ ქალებს დაასაქმებს. როდესაც გადაწყვიტა, რომ თავისი სოფლის ქალებისთვის ინგლისური ესწავლებინა, იმდენიც მოახერხა რომ ცაგერის გამგებლის დახმარებით, ნასპერში კვირაში ორჯერ მასწავლებელი ადიოდა და გაკვეთილებს ატარდება.

ნათელა გრიგალაშვილი ფოტო-ამბების საუკეთესო მთხრობელია და ეს ამბები ყველაზე ხშირად სწორედ რეგიონებს და მაღალმთიან სოფლებს ეხება. როგორც ამბობს, მისთვის ფოტოგრაფია ადამიანების, მათი გრძნობების და ემოციების ისტორიაა და ცდილობს, ეს ისტორია სხვებსაც მოუყვეს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ადგილობრივების ყოფა-ცხოვრების, წესებისა და ადათების ასახვა მისთვის განსაკუთრებულად საინტერესოა. მისი ფოტოები უამრავ ინფორმაციას იტევს.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელი ხანი ექსტრემალური ტურიზმის პოტენციალის მქონე ულამაზესი სოფელია. სოფელში არის ჩანჩქერი, ქვის საწნახელი და უძველესი სალოცავები. სოფლის მოსახლეობა ძირითადად მესაქონლეობას მისდევს. გიორგიძეების ოჯახი ტრადიციას აგრძელებს და ქვევრის ყველს აწარმოებს. როგორც ამბობენ, თიხა ყველს განსაკუთრებულ გემოს და თვისებებს სძენს.

სოფელ ხადორში, რომელიც პანკისის ბოლო სოფელია და ხეობის სიღრმეში მდებარეობს 20-ზე მეტი სახლი დგას, თუმცა ამ სახლებიდან მხოლოდ ერთში ცხოვრობენ. ელო წიწუაშვილი და მისი მეუღლე ლევან ბოჭორიშვილი ხადორის ერთადერთი მუდმივი მცხოვრებლები არიან. ოჯახი სოფლის მეურნეობას მისდევს, მათი ყველაზე დიდი სურვილი ხადორისთვის სოფლის სტატუსის მინიჭებაა.

გამორჩეული ხელწერის პოეტი და მწერალი ბესიკ ხარანაული წარმოშობით თიანეთიდანაა. წელს მას 80 წელი შეუსრულდა. იგი ოცზე მეტი პოეტური კრებულის და ორი პროზაული წიგნის ავტორია. მისი პოეზია თარგმნილი და გამოცემულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 2010 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზეც იყო წარდგენილი. არის მრავალი ლიტერატურული პრემიის ლაურეატი. ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: „მე მაინტერესებდა, რომ მე თვითონ მეგრძნო თავი თავისუფლად და ცოტა სინდისი მქონოდა მშვიდად, რომ ის ვთქვი, რაც მაწუხებდა“ ასე დაიწყო, ასე ვთქვათ, „სხვანაირად წერა“ და როგორც ამბობენ ქართულ ენას ახალი ფეხსაცმელი ჩააცვა.

„დაკარგული სამოთხე“ ლექსო ჩარკვიანის კამპანიაა, რომლითაც ის მიტოვებული სოფლებისა და სახლების გაცოცხლებას ცდილობს. ლექსო ლეჩხუმის დაცარიელებულ სოფლებში დადის, ეძებს მიტოვებულ სახლებს, უკავშირდება მეპატრონეებს, იღებს ფოტოებს და ინფორმაციას სოციალურ ქსელში, საკუთარ facebook-გვერდზე აქვეყნებს. ამ გზით, დაცლილი სახლებისთვის ახალი პატრონების ძებნას იწყებს. ამ საქმეში ფინანსური ინტერესი არ აქვს, პირიქით სოფლებში სიარული გახეთქილი საბურავების და არცთუ მცირე საწვავის თანხის ფასად უჯდება. კამპანიის დაწყებიდან წელიწადნახევრის განმავლობაში 55-მდე სახლის გაცოცხლება შეძლო.

11 დეკემბერი მთის საერთაშორისო დღეა. საქართველომ ეს დღე წელს მეორედ აღნიშნა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]