weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს

22:04 სამშაბათი, 17 დეკემბერი 2019

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რომელსაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება ევალება, 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავა. გამომძიებელი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით არის დაკავებული, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.

საქმეზე ბრიფინგი სახელწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ გამართა:

„მიმდინარე წლის 12 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მომართა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში 15 წლის არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

2019 წლის 13 დეკემბერს, გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებული 15 წლის არასრულწლოვნის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის სისხლის სამართლის საქმე, გამოსაძიებლად გადმოეცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

გამოძიების დაწყების დღიდან დღემდე, ფაქტობრივად ხუთ დღეში, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო მოქმედება, ინტენსიურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა საგამოძიებო პროცესი - კერძოდ, დაიკითხა 70 მოწმე: არასრულწლოვნის კლასელები, მეგობრები და მათი მშობლები, მეზობლები, სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და უსაფრთხოების მენეჯერები, შემთხვევის ადგილზე მყოფი პირები, პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვანთან ერთად მყოფი პირები, პოლიციის თანამშრომლები და ყველა ის პირი, რომლებსაც შესაძლოა ჰქონოდათ თუნდაც მინიმალური ინფორმაცია საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და დამდგარი შედეგების გამომწვევი მიზეზების შესახებ.

გამოძიებამ ამოიღო და დაათვალიერა არასრულწლოვნის მობილური ტელეფონი და პერსონალური კომპიუტერი, გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია არასრულწლოვნის მობილური ტელეფონის ნომერზე განხორციელებული სატელეფონო ზარების შესახებ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და გამოძიებისთვის საჭირო სხვა ადგილები, დათვალიერდა სკოლაში, შესაბამის პოლიციის განყოფილებაში განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები, ასევე ყველა ის ვიდეო-ჩანაწერი, რომელზეც შესაძლოა ასახული ყოფილიყო არასრულწლოვნის გადაადგილება.

ვინაიდან მოწმეთა ნაწილი არიან არასრულწლოვნები და  საქმე თავისი შინაარსით განსაკუთრებით სენსიტიურია, არასრულწლოვანთა ინტერესების გათვალისწინებით, საქმეში ჩართულია არასრულწლოვანთა ფსიქოლოგი და არასრულწლოვნებთან ყველა საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობს ფსიქოლოგის მონაწილეობით. 

ჩატარებული გამოძიების შედეგად,

2019 წლის 17 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ დაკავებული იქნა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მ.ჩ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

სისხლის სამართლის საქმის მასალები ბრალდების წარდგენის მიზნით და შემდგომი კვალიფიკაციის განსაზღვრისთვის გადაეგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დანიშნულია ექსპერტიზები, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა და გამოძიების შემდგომი პროცესის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდება დამატებით.

საზოგადოებას მოგიწოდებთ, ვინაიდან საქმე ეხება არასრულწლოვნების ინტერესებს და გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება,  საკითხს მოეკიდოთ განსაკუთრებული სიფრთხილით“.

აქტივისტთა ნაწილი ბრალის დაკვალიფიცირებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით ითხოვს, რაც გულისხმობს თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც თვითმკვლელობა სავარაუდოდ პოლიციაში მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა, იაშვილის კლინიკაში დღეს გარდაიცვალა.

მოზარდი 11 დეკემბერს საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა და მრავლობითი დაზიანებები მიიღო. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობას წინ უსწრებდა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში, 2019 წლის 10 და 11 დეკემბერს არასრულწლოვნის გამოკითხვა, რა დროსაც იგი პოლიციელთა მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

საიას ადვოკატის რევაზ აჭარაძის თქმით, პოლიციელთა ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა იმდენად ინტენსიური და რეალური იყო, რომ არასრულწლოვანი გამოკითხვისას შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დახმარების გაწევა მოითხოვა, თუმცა აღნიშნული დახმარება მას არ აღმოუჩინეს -

ბავშვს აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები, ხოლო მას მოუწევდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება.

15 წლის ლუკა სირაძეს პოლიცია „მწვანე სკოლის“ შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერის „ამ ცხოვრების დედაც“ გაკეთებას ედავებოდა.

ამ თემაზე:

გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დაკავების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]