weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

სასამართლომ უკანონოდ ცნო გეებისთვის დონორობის 10 წლით აკრძალვა

11:01 ოთხშაბათი, 18 დეკემბერი 2019

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად ცნო ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომლითაც გეი თემის წარმომადგენლებს უკანასკნელი სქესობრივი კონტაქტიდან 10 წლის განმავლობაში სისხლისა და მისი კომპონენტების უანგარო დონორობას უკრძალავდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ განჩინება გოჩა გაბოძისა და ლევან ბერიანიძის სარჩელის საფუძველზე მიიღო.

მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ ნორმას, რომლის მიხედვითაც, მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან (მსმ ქცევა) სისხლისა და მისი კომპონენტების უანგარო დონორობის შეზღუდვის საფუძველია უკანასკნელი სქესობრივი კონტაქტიდან 10 წლის განმავლობაში.

მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სისხლის გზით გადამდები დაავადებების შეძენის მაღალი რისკის შემცველი შეიძლება იყოს როგორც მსმ, ისე ჰეტეროსექტუალ პირთა ზოგიერთი სქესობრივი ქცევა.

მიუხედავად ამისა, სადავო ნორმა სისხლის დონაციის უფლების 10 წლის ვადით შეზღუდვას დისკრიმინაციულად ადგენდა მხოლოდ მსმ პირებთან მიმართებით, ყველა სხვა შემთხვევაში კი, დასახელებული უფლება იზღუდებოდა სარისკო ქცევიდან 12 თვის ვადით.

მოსარჩელეები ასევე მიუთითებდნენ, რომ მსმ პირებისათვის დონორობის უფლება გაცილებით ხანგრძლივად იზღუდება, ვიდრე ობიექტურად არის აუცილებელი დონაციის პროცესის უსაფრთხოებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათი მტკიცებით, არაპროპორციულად იზღუდებოდა თანასწორობისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებები.

მოსარჩელეები ასევე განმარტავდნენ, რომ სადავო ნორმას ჰქონდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის იდენტური შინაარსი და შუამდგომლობდნენ ნორმის საქმის არსებითი განხილვის გარეშე ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.

მოპასუხე მხარის პოზიციით, მამაკაცთან სქესობრივი კავშირის მქონე მამაკაცებში გაცილებით მაღალია სისხლის გზით გადამდები ინფექციის შეძენის რისკი. შესაბამისად, გამართლებული იყო ამ პირთა დონაციის უფლების უფრო ხანგრძლივი ვადით შეზღუდვა. 

ამასთანავე, მოპასუხის არგუმენტაციით, სადავო ნორმა არსებითად განსხვავდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმისგან. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ  2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომელიც პირებს დონაციის უფლებას უზღუდავდა უვადოდ, ხოლო მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული ნორმით ეს უფლება შეზღუდული იყო დროებით - 10 წლის ვადით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტის მიხედვით, სისხლის სამედიცინო შემოწმებამ, შესაძლებელია, სრულად ვერ გამორიცხოს რეციპიენტთა აივ-ვირუსით ინფიცირების რისკები, რადგან ვერ ხერხდება ვირუსის აღმოჩენა ინკუბაციის პერიოდში (ე.წ. „ფანჯრის პერიოდი“). ამასთანავე, არსებული ტექნოლოგიური პროგრესის გათვალისწინებით, „ფანჯრის პერიოდისშემდეგ სისხლსა და მის კომპონენტებში აივ-ვირუსის გამოვლენა შესაძლებელია, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ მსმ პირებისათვის სისხლისა და მისი კომპონენტების დონაცია შეიზღუდოს  მხოლოდ .. „ცრუ უარყოფითიპასუხის რისკების გამოსარიცხად საჭირო ვადით.

განსახილველ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ 10 წელი ბევრად აღემატება „ფანჯრის პერიოდს“ და სადავო ნორმა ერთხელ უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად საჭიროზე ბევრად უფრო ხანგრძლივად ზღუდავდა მსმ პირთა უფლებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა იმეორებდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს და სახეზე იყო მისი განმწესრიგებელ სხდომაზე ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი.

სასამართლომ რეციპიენტთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის, აგრეთვე სისხლის დონაციის პროცესის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა 2020 წლის 31 მარტამდე გადაავადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]