ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის, კრწანისის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსი დ.კ., გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში ბ.ლ., ასევე, მოქალაქეები ზ.ბ. და რ.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, ხოლო გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტის ნ.გ.-ს და მოქალაქე ვ.ზ.-ს მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილებები.
ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის მოადგილის ლევან ლაზარეშვილის განცხადებით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2016-2019 წლებში, ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატიურად ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენის გზით თაღლითურად ეუფლებოდნენ გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში და ქალაქ თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებს.
„ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ 49 644 კვ.მ ფართობის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს, რითაც სახელმწიფოს მიაყენეს დაახლოებით 700 ათასი ლარის მატერიალური ზიანი“, - განაცხადა პროკურორმა.
გამოძიება გრძელდება თაღლითურად დაუფლებული სხვა მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირების და ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების დადგენის მიზნით.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით. დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.