ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ისპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად,
ინსპექტირების სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალებები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებაზე არ დაიშვებიან.
სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასებისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.
გათხევადებული აირის აირბალონი პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება, ხოლო თხევადი აირის სისტემა 3 წელიწადში ერთხელ. მოცემულ ეტაპზე თხევადი აირის აირბალონისა და სისტემის ტექნიკური ინსპექტირების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებს შეუძლიათ მიმართონ შემდეგ ინსპექტირების ცენტრებს: შპს „გაზკონტროლი“ - ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი N67; შპს „ჰესლერი“ ქ. თბილისი, გიორგი მდივანის პირველი შესახვევი N100; შპს „გიომოტორსი“ - ქ. გორი, სუხიშვილის ქ.N63; შპს „გიომ1“ - ქ. ქუთაისი, აბაშიძი ქ. N32.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილების „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობების განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასებისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ“ ტექნიკურ რეგლამენტში 2019 წლის ივლისში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, გათხევადებული აირის აირბალონები და სისტემები ინსპექტირებას დაექვემდებარა 2019 წლის 15 სექტემბრიდან, თუმცა ავტოსატრანსპორტო საშუალება ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლის თუკი მისი მფლობელი თხევადი აირის აირბალონისა და შესაბამისი სისტემის ტექნიკური გამართულობის შესახებ ინსპექტირების სერტიფიკატს ვერ წარადგენს. ეს ნორმა სავალდებულო 2020 წლის 1 იანვრიდან გახდება.
თხევადი აირის აირბალონისა და მისი სისტემების ინსპექტირებას ახორციელებენ ინსპექტირების ორგანოები, რომლებსაც აკრედიტაცია მინიჭებული აქვთ სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრისაგან. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ინსპექტირების ორგანოების აკრედიტაცია ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 17020-ის შესაბამისად.