„სამწუხაროდ, საავადმყოფოებში გარდაცვალების ორი შემთხვევა გვაქვს. ორივე დაღუპული მოზრდილია, ორივე დაგვიანებული შემთხვევა იყო და ორივე გახლდათ თანმდევი ანუ თანმხლები მძიმე ქრონიკული დაავადებებით“, - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ცირკულირებს ა და ბ ტიპის ვირუსები, სამჯერ მეტადაა გავრცელებული ბ ტიპის ვირუსი, რომელიც შედარებით მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ბოლო კვირის მონაცემებით, ავადობა საქართველოში 100 ათას მოსახლეზე 190 შემთხვევაა, მაშინ როცა, ეპიდემიად 450-500 შემთხვევა ითვლება.
„გასულ წელს იმავე პერიოდში იყო 220 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე, ხოლო პიკზე იყო 280 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე. შედარებისთვის, რუსეთში ეპიდემიურ ზღვარად ითვლება 700-მდე შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე, ანუ არავითარ ეპიდემიაზე საუბარი არაა. მაგრამ ვინც ავადაა, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა არის თუ არა ეპიდემია. ძირითადად ბავშვები ავადდებიან გრიპით, მცირეწლოვანი ბავშვები და ჰოსპიტალიზაციაც მათ უხდებათ. დიდების საავადმყოფოში არ არის ასეთი გადატვირთულობა, როგორიცაა ბავშვთა საავადმყოფოებში. ეს არის ზამთრისთვის და ამ პერიოდისთვის ჩვეულებრივი მოვლენა და ჩვენთვის დღეს არ ითვლება ეს ეპიდემიად“, - აღნიშნა იმნაძემ.
გრიპის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, თავის, კუნთების, სახსრების, ყელის ტკივილი და სურდო.
გრიპისგან თავის დასაცავად ჩაიტარეთ აცრები; რეგულარულად დაიბანეთ ხელები; ნუ შეეხებით ხელით თვალებს, ცხვირსა და პირს; მოერიდეთ დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტს; თუ ავად ხართ - დარჩით სახლში.