რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, საახალწლოდ, უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გასასვლელ ერთადერთ მოქმედ ე.წ. საკონტროლო გამშვებ პუნქტს კეტავენ. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
„30 დეკემბრის 20:00 საათიდან დროებით წყდება სამხრეთ ოსეთი-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ქარზმანის მონაკვეთზე მიმოსვლა, რომელიც გაიხსნება 3 იანვრის 06:00 საათიდან და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
„რესის“ ცნობით, ორი „სასაზღვრო გადასასვლელი პუნქტი“ 2019 წლის სექტემბერში დაიხურა წნელისთან სიტუაციის დაძაბვის გამო.