weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა შეიწყალა

15:43 შაბათი, 28 დეკემბერი 2019

sputnik-ossetia ავრცელებს ინფორმაციას, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა. სააგენტოს თანახმად, ბიბილოვმა შეწყალების ბრძანებას ხელი დღეს მოაწერა.

ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე თბილისში, საკუთარ სახლში იმყოფება.

„გუშინ მითხრეს, რომ 31 დეკემბერს იყო სააპელაციო სასამართლო, ჯერ ემოციებით ვართ დატვირთული და ძნელია გითხრათ რამე. პირველ რიგში, მადლობა მინდა გითხრათ ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი ეს სიტუაცია, მთავრობა იქნება ეს, პარლამენტი, უშიშროება, პოლიცია თუ ვინ. მადლობა ჩემს ლამაზ მეუღლეს და ბრწყინვალე შვილებს და ყველას, ვინც გვერდში მედგა, ყველას დიდი მადლობა“, - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად საქართველოს ყველა შესაბამისი სტრუქტურა კოორდინირებულად მუშაობდა.

„არანაირ დათმობაზე არაა საუბარი. რატომ გაათავისუფლეს, კითხვა მგონია არასწორი, რატომ დაააკავეს საერთოდ? რა ვრცელდება ოსური და რუსული მედიით, ეს სხვა საკითხია, რაც მეორე ხარისხოვანია. მნიშვნელოვანია ის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი არის თავისუფალი და სწორედ ეს იყო ჩვენი მთავარი ამოცანა“, - აღნიშნა ციხელაშვილმა.

უკანონო პატიმრობაში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ეუთოს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი გამოეხმაურა: „მივესალმები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას. მომავალი დაპატიმრებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული და გადაადგილების თავისუფლება უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა ადამიანისთვის ნებისმიერ დროს“.

ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა სამხედროებმა 9 ნოემბერს, ახმაჯი-ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ქართველი ექიმი თბილისიდან კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში იმ მიზნით გაემგზავრა, რომ სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა ახალგორში დაშავებული პედაგოგისთვის, თამარ გიგაურისთვის, რომელიც ჭაში ჩავარდა, მოტეხილობები ჰქონდა და მკურნალობას ვერ ახერხებდა.

2019 წლის 4 სექტემბრიდან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიასა და ოკუპირებულ ახალგორს შორის მიმოსვლა შეწყვეტილია. ახალგორის რაიონი სრულ იზოლაციაშია. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შემდეგ ცნობილი გახდა ინფორმაცია ორი ადამიანის გარდაცვალების შესახებ. ორივე შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი არასათანადო სამედიცინო დახმარება იყო.

15 ნოემბერს ახალგორის დე ფაქტო სასამართლომ დაკავებულ ექიმს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საოკუპაციო რეჟიმმა ის საზღვრის განზრახ დარღვევაში დაადანაშაულა. ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ბრალდებას არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ მას არავითარი საზღვარი არ დაურღვევია და რომ საქართველოს საზღვარი როკის გვირაბთანაა.

20 დეკემბერს დე ფაქტო სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]