სამინისტროს ინფორმაციით, 14 იანვარს, გიორგი იჩუკაიძე იმყოფებოდა სასაზღვრო ზონაში. მან ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით, ქართველი მესაზღვრე აიძულა, გადაადგილებულიყვნენ საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის მიმართულებით. ინციდენტის განმავლობაში გიორგი იჩუკაიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.
სამინისტრო აცხადებს, რომ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების ოპერატიული და ეფექტიანი მუშაობის შედეგად, სიტუაცია დროულად განიმუხტა. ამ დროისთვის ინციდენტი სრულად ამოწურულია.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით (მძევლად ხელში ჩაგდება სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით) მიმდინარეობს. დანაშაული 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.