weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პანკისში დუისის სასაფლაოზე ქერიმ დუიშვილის აკლდამა გადაწვეს

15:15 ოთხშაბათი, 15 იანვარი 2020
აკლდამა ხანძრიდან რამდენიმე დღის შემდეგ / პანკისის სათემო რადიოს ფოტო აკლდამა ხანძრიდან რამდენიმე დღის შემდეგ / პანკისის სათემო რადიოს ფოტო

პანკისის ხეობაში სოფელ დუისის სასაფლაოზე ქერიმ დუიშვილის აკლდამა გადაწვეს. ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო ავრცელებს. ხანძრის შედეგად დაიწვა აკლდამის ჭერი, ფანჯრები, ავეჯი და სხვა ინვენტარი. ქერიმ დუიშვილს ხეობაში მცხოვრები მუსლიმების ნაწილი წმინდანად მიიჩნევს. აკლდამაში, სადაც ქერიმ დუიშვილის საფლავია მოქცეული, ხალხი სალოცავად დადიოდა.

ქერიმ დუიშვილი 88 წლის ასაკში, 1977 წელს გარდაიცვალა. ქისტი უხუცესისა და მწერლის, ხასო ხანგოშვილის თქმით, ქერიმ დუიშვილი სოფელ დუისის დამაარსებლის დუი ცაცხასაშვილის შვილიშვილი იყო.

„კომუნისტების მმართველობის პერიოდშიც კი ქადაგებდა, როცა ყველაზე რთული იყო, მითუფრო პანკისში. რელიგიურ რიტუალებს ატარებდა, დაკრძალვის დროს იქნებოდა ეს თუ სხვა. ამ აკლდამაში ხალხი მიდიოდა, ვედრებას ვეძახით ჩვენ მას, მივდივართ მის საფლავთან და ღმერთს ვთხოვთ. ქერიმ დუიშვილი თავისი საქმიანობით გამორჩეული იყო, ის ხალხის მიერ წმინდანად არის აღიარებული“, - უთხრა ხასო ხანგოშვილმა პანკისის სათემო რადიოს.

ქერიმ დუიშვილის შვილიშვილმა მედინა დუიშვილმა პაპის აკლდამის გადაწვის შესახებ 3 იანვარს შეიტყო.

„2 იანვარს, ღამით გადაუწვიათ. პაპა ღმერთის შუამავალი იყო. წინასწარ ამბობდა რაც მოხდებოდა. 40 წელზე მეტია ეგ აკლდამა მის საფლავზე დგას. არავის არასდროს დაუზიანებია. რაც გარდაიცვალა, მას შემდეგ დადის იქ ხალხი სალოცავად. ახლაც დადიან, ლოცულობენ. ხეობაში რომ ლაპარაკობენ, ვაჰაბისტების (სალაფიტების) ან მთავრობის გაკეთებულიაო, ამას გამოვრიცხავ. ვიღაცას ალბათ კვალის დაფარვა უნდა. დავასუფთავეთ და შევაკეთეთ უკვე, მაგრამ მეშინია კიდევ არ გადაწვან“, - ამბობს მედინა დუიშვილი.

პანკისის სალაფიტური თემის იმამი აბუ მუსლიმი (ზურაბ ქავთარაშვილი) ვარაუდობს, რომ ქერიმ დუიშვილის აკლდამაში ცეცხლი შესაძლოა დაუდევრობით გაჩნდა ან აკლდამის გადაწვის მიზანი ხეობაში სუფისტებსა და სალაფიტებს შორის კონფლიქტის გაღვივებაა.

„მე ვვარაუდობ, რომ ცეცხლი შესაძლოა იმ ახალგაზრდების დაუდევრობით გაჩნდა, რომლებიც ხეობაში ნარკოტიკებს მოიხმარენ. შეიძლება ვიღაც შევიდა, რამე გაიკეთა და ცეცხლი გაჩნდა, ან ვინმეს ორ მხარეს შორის შუღლის ჩამოგდება უნდა და ეს განზრახ გააკეთა. არ არის გამორიცხული. რა მიზეზიც არ უნდა ყოფილიყო, ეს მიუღებელია საქციელია“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში პანკისის სათემო რადიოს უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე. საქმეს ახმეტის პოლიცია იძიებს. სამართალდამცავებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

ახმეტის პოლიციას ამ დრომდე არ გამოუძიებია 2017 წელს პანკისის სოფელ ჯოყოლოში ქრისტიანული სალოცავის დანგრევის ფაქტი.

პანკისის სათემო რადიო WAY

პანკისის სათემო რადიო მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა. რადიოს ვებგვერდია www.Radioway.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]