„ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს საზღვრებზე უტარდება შესაბამისი თერმო სკრინინგი. ასევე, მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია. არის სერიოზული მზაობა, რომ თუ ქვეყანაში ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, მას შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწიოს იმ საერთაშორისო სტანდარტებით, რომელიც დღეს მიღებულია. ამისათვის ყველანაირი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და მედიკამენტური რეზერვი ქვეყანაში საკმარისია. მივმართავ მოსახლეობას, ნუ მიეცემით პანიკას იმიტომ, რომ ეს პანიკა კიდევ უფრო აუარესებს საზოგადოებრივ აზრს, უფრო ართულებს ამ დაავადების პრევენციასა და ამ დაავადების პროფილაქტიკას. გთხოვთ, მხოლოდ ოფიციალური წყაროებიდან მიიღოთ ინფორმაცია. ჩვენ არაფერს ვმალავთ, ჩვენი ცენტრი არის ძალიან გამჭირვალე, ნებისმიერ კითხვაზე პასუხი არსებობს“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული საქართველოს ორი მოქალაქის ანალიზები გაგზავნილია ნიდერლანდებში და პასუხები სავარაუდოდ, სამშაბათს დილისთვის გახდება ცნობილი.
ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის 31 იანვრის მონაცემებით, სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია 9 692 შემთხვევა. ახალი შესაძლო შემთხვევების რაოდენობა შეადგენს 4 812-ს, სულ შესაძლო შემთხვევების რაოდენობა 15 238-ს. 31 იანვრის მონაცემებით, დაფიქსირებულია 213 გარდაცვალების ფაქტი და გამოჯანმრთელების 171 შემთხვევა.
ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ჩინეთის გარეთ 21 ქვეყანაში დაფიქსირებულია 113 დადასტურებული შემთხვევა: ტაილანდი 14, იაპონია 14, სინგაპური 13, ტაივანი 9, მალაიზია 8, სამხრეთ კორეა 7, არაბეთის გაერთიანებული საემიროები 4, ვიეტნამი 5, კამბოჯა 1, ნეპალი 1, ფილიპინები 1, ინდოეთი 1, შრი-ლანკა 1, საფრანგეთი 6, გერმანია 5, იტალია 2, გაერთიანებული სამეფო 2, ფინეთი 1, ამერიკის შეერთებული შტატები 6, კანადა 3, ავსტრალია 9.