weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

TV პირველის შეცდომაში შემყვანი მასალა ბაღდათში მომხდარ ტრაგედიაზე

16:37 სამშაბათი, 04 თებერვალი 2020
ფოტოზე - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური ფოტოზე - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური

3 თებერვალს, ბაღდათში, აკაკი წერეთლის ქუჩა N8-ში მდებარე ხის ორსართულიან სახლში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა - დედა, 4 არასრულწლოვანი და მეზობელი ხანშიშესული ქალი.

ხანძრის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შეტყობინება 21:38 საათზე შევიდა, მეხანძრე მაშველები 2 წუთში შემთხვევის ადგილზე იყვნენ. სააგენტო ირწმუნება, რომ მაშველები ღია ცეცხლში შევიდნენ, მაგრამ ადგილზე ცხედრები დახვდათ.

ტელეკომპანია „პირველმა“ ტრაგედიიდან 6 საათში, 04 თებერვალს, დილის 4 საათზე ფეისბუკში გაავრცელა ვიდეომასალა შემდეგი მინაწერით:

„ტრაგედია - ხანძრის შედეგად დაღუპული დედა და 4 შვილი. ოჯახს, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, რამდენიმე თვის წინ სოციალური დახმარებაც მოუხსნეს“.

ვიდეოში, რომელიც გორგოძეების ოჯახში 2 თვის წინაა გადაღებული, 4 შვილის დედა აღწერს, რომ უკიდურეს სიღატაკეში უწევთ ცხოვრება სტამბის ყოფილ შენობაში, რომელშიც შეასახლეს. მისივე თქმით, მას ელექტროენერგია მეზობლისგან ჰქონდა შეყვანილი, რის გამოც სოციალური დახმარება შეუჩერეს. დახმარების შეწყვეტის შემდეგ კი, ერთადერთი რაც დარჩათ, უფასო სასადილოდან მიღებული საკვებია. ვიდეოში დედა ასევე ამბობს, რომ ბავშვებს საკვები არ ჰყოფნით და ხშირად მშივრები რჩებიან.

ვიდეოს არ ერთვის განმარტება, რომ 2019 წლის ნოემბერშია გადაღებული. ტელეკომპანიამ მაყურებელს არქივის მასალა ცალკე პროდუქტად შესთავაზა და პირდაპირ გუშინ მომხდარ ტრაგედიას დაუკავშირა იმაზე ხაზგასმით, რომ ოჯახს რამდენიმე თვის წინ სოციალური დახმარებაც მოუხსნეს. ვიდეოს ამ დროისთვის 250 ათასი ნახვა აქვს და აღწერაში კვლავ არ არის მოცემული დაზუსტებული ინფორმაცია.

ვიდეოს გავრცელებიდან დაახლოებით 6 საათის შემდეგ, TV პირველის წამყვანმა სპეციალურ საინფორმაციო გამოშვებაში მხოლოდ ის თქვა, რომ გორგოძეების ოჯახის შესახებ ვიდეო გადაცემა „რეაქციაში“ 2019 წლის 21 ნოემბერს გავიდა.

TV პირველმა დილის საინფორმაციო გამოშვებაშიც არ მიაწოდა მაყურებელს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოჯახს სოციალური დახმარება ოქტომბრიდან დეკემბრამდე ჰქონდა შეწყვეტილი. ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხანძარი სხვა სახლში მოხდა და არა იმ შენობაში, სადაც ვიდეოა გადაღებული.

11:30 საათზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა ბრიფინგი გამართა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, გორგოძეების ოჯახს ყოველთვიურად 1330 ლარი ერიცხებოდა, - მათ შორის, საარსებო  შემწეობა - 680 ლარის ოდენობით, ასევე, ოჯახის ორ წევრს მინიჭებული ჰქონდა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და შესაბამისად იღებდნენ სოციალურ პაკეტს - თითოეული მათგანი 140 ლარის ოდენობით. ოჯახის ერთი წევრს, ასაკით პენსიონერს სახელმწიფოსგან 220 ლარი ერიცხებოდა. აღსანიშნავია, რომ ოჯახი, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ყოველთვიურ დახმარებას 150 ლარს იღებდა.

გიორგი წოწკოლაურმა ოჯახისთვის სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზიც განმარტა - 2019 წლის ოქტომბრის თვეში მოხდა ოჯახის გადამოწმება, რადგან მათ არ გააჩნდათ კომუნალურ გადახდებზე აბონენტის ნომერი.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად განხორციელდა ხელახალი გადაფასება: „დეკემბრის თვეში ხარვეზი აღმოიფხვრა და მათ მიიღეს სამი თვის განაცდური, რომელიც შეადგენდა 2040 ლარს. 2020 წლის იანვრის თვიდან კი შეუფერხებლად მიმდინარეობდა სოციალური გასაცემლებით  უზრუნველყოფა.“

მისივე თქმით, ოჯახი ცხოვრობდა ბაღდათში, თამარ მეფის N 13-ში, ყოფილი სტამბის შენობაში, რომელიც ოჯახს  მუნიციპალიტეტის მერიამ გადასცა (2012 წლის ოქტომბერში). ამ მისამართზე  იღებდნენ სოციალურ დახმარებას, თუმცა მომხდარი ტრაგედიის დროს სხვა მისამართზე იმყოფებოდნენ.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ „რეგინფოს“ განუმარტა, რომ გორგოძეების ოჯახი სტამბის ყოფილი შენობიდან აკაკი წერეთლის ქუჩაზე მდებარე ორსართულიან სახლში, რომელიც მიტოვებული იყო და კერძო პირის საკუთრებაშია, ახალი გადასულები იყვნენ.

გორგოძეების ოჯახში 2020 წლის 24 იანვრამდე 8 წევრი იყო. 4 არასრულწლოვანი, მათი დედ-მამა, დედის ძმა და ბებია. დედის ძმა გ. გ. 24 იანვარს გარდაიცვალა. 3 თებერვალს გაჩენილი ხანძრის დროს ბებია და ბავშვების მამა სახლში არ იმყოფებოდნენ. ხანშიშესული ქალი კი, რომელიც 4 ბავშვთან და დედასთან ერთად დაიწვა, გორგოძეების მეზობელი, 76 წლის მ. კ-შვილი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]