weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2024

GNCC-ის მიერ ონლაინმედიის უკანონო რეგულირება საკონსტიტუციოში გასაჩივრდა

17:25 სამშაბათი, 04 თებერვალი 2020

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საინფორმაციო ცენტრების ქსელის სახელით (ონლაინ-პლატფორმა Reginfo.ge-ს გამომცემელი) დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი სარჩელი წარადგინა. საია იმ ნორმას ასაჩივრებს, რომელიც ბეჭდურ და ონლაინ მედიას არჩევნებამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღეს 20 საათამდე საზოგადოებრივი კვლევების გამოქვეყნებას უკრძალავს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სადავოდ ხდის ბეჭდური და ონლაინ მედიის მიმართ იმავე რეგულაციების გავრცელებას, რაც დაწესებულია სამაუწყებლო მედიის (ტელევიზია და რადიოს) მიმართ. მოსარჩელისათვის განსაკუთრებით პრობლემურია ონლაინ და ბეჭდური მედიის მიმართ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მინიჭება. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფუნქციას ყოველთვის სამაუწყებლო მედიის რეგულირება წარმოადგენდა, გასაჩივრებული ნორმებით გაფართოვდა ამ კომისიის უფლებამოსილება და მისი რეგულირების სფეროში მოექცა ბეჭდური და ინტერნეტ-მედიაც.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ გასაჩივრებული ნორმები მხოლოდ ინტერნეტ მედიას უკრძალავს საზოგადოებრივი აზრის კვლევის გამოქვეყნებას ხმის მიცემის დაწყებამდე 48 საათიდან საარჩევნო უბნების დახურვამდე პერიოდში. ამ აკრძალვის მიზანია, არ მოხდეს ამომრჩევლის ნებაზე მანიპულირება არჩევნებამდე ცოტა ხნით. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ეს აკრძალვა არ ვრცელდება სოციალური ქსელის ინდივიდუალურ მომხმარებელზე, რომელმაც შეიძლება თავდაპირველად გამოაქვეყნოს ამგვარი საზოგადოებრივი აზრის კვლევა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ან იმ მომხმარებელზე, რომელმაც ამგვარი სტატუსი გააზიაროს.

თუკი საზოგადოებრივი აზრის კვლევის გამოქვეყნების აკრძალვის მიზანია, არ მოხდეს ამომრჩევლის ნებაზე მანიპულირება, ამგვარი მანიპულირება შეიძლება მოახდინოს ფეისბუქის ინდივიდუალურმა მომხმარებელმაც, თუმცა აკრძალვა მასზე არ ვრცელდება. ამგვარად, საიას მიაჩნია, რომ აკრძალვა არ არის ვარგისი საშუალება ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და შესაბამისად, ეწინააღმდეგება მე-17 მუხლით აღიარებულ გამოხატვის თავისუფლებას.

„ზოგადად, ინტერნეტი არის იდეათა თავისუფალი ბაზრის უნიკალური პლატფორმა. ინტერნეტი ყველა ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, თავისი აზრი მიიტანოს ფართო საზოგადოებამდე და ამით ჩართული იყოს საჯარო დისკუსიებში. ინტერნეტი თავის თავში გამორიცხავს ერთი ან რამდენიმე მსოფლმხედველობის თუ პოზიციის დომინირების შესაძლებლობას. ინტერნეტის მეშვეობით ყველას შეუძლია სახელმწიფოს დახმარების გარეშე, ყალბ ინფორმაციას დაუპირისპირდეს სწორი ინფორმაციით, ცილისწამების შემთხვევაში გამოიყენოს პასუხის უფლება. იმის გათვალისწინებით, რომ ინტერნეტი, მათ შორის სოციალური ქსელი, არის აზრის გამოთქმის საყოველთაო და იაფი საშუალება, განსხვავებით სამაუწყებლო მედიისაგან, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით აღიარებულ გამოხატვის და ინტერნეტის თავისუფლებას ეწინააღმდეგება, მედიის ამ სეგმენტის მოქცევა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეგულირების სფეროში. ინტერნეტ-სივრცეში დივერსიფიცირებული ინფორმაციის გავრცელების და მიღების შესაძლებლობას  მინიმუმამდე დაჰყავს არჩევნების დღეს ამომრჩევლის ნებაზე მანიპულირების საფრთხე, რაც გამორიცხავს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ინტერნეტის რეგულირების საჭიროებას“, - აღნიშნულია საკონსტიტუციო სარჩელში.

კომუნიკაციების კომისიამ 2019 წლის 24 მაისს. Reginfo.ge-ს გამომცემელ ორგანიზაციას, საინფორმაციო ცენტრების ქსელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. საქმე ეხება reginfo.ge-ზე იმავე წლის 17 მაისს გამოქვეყნებულ ნიუსს - „პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი კალაძეს და სააკაშვილს აქვთ - კვლევა“. ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა არ შეეხებოდა 2019 წლის 19 მაისის არჩევნებთან დაკავშირებით ჩატარებულ გამოკითხვას. მასში მხოლოდ საუბარი იყო, თუ რომელი პოლიტიკოსი სარგებლობდა ყველაზე მეტი ნდობით. კომუნიკაციების ეროვნული კომისია reginfo.ge-ს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობას და 1500 ლარით დაჯარიმებას ითხოვდა, იმ განმარტებით, რომ ვებგვერდმა კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში გამოაქვეყნა არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დევი დევიძემ ონლაინგამოცემა reginfo.ge-ს მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყვიტა. მოსამართლე დევი დევიძემ ამ დადგენილებით შეცვალა სხვადასხვა სასამართლოს მიერ მანამდე დამკვიდრებული პრაქტიკა, რომლითაც კომუნიკაციების კომისია ონლაინმედიას უკანონოდ აქცევდა თავისი რეგულირების სფეროში.

კომუნიკაციების კომისიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა, რომელმაც გურჯაანის სასამართლოს დადგენილება გააუქმა და საქმე განსახილველად იმავე მოსამართლეს უკან დაუბრუნა. იმ განმარტებით, რომ პრაქტიკას სააპელაციო სასამართლო ამკვიდრებს, რაიონულმა სასამართლომ კომუნიკაციების კომისიის მოთხოვნა ამჯერად დააკმაყოფილა და საინფორმაციო ცენტრების ქსელი სამართალდამრღვევად სცნო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]