შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებაში ოჯახის წევრებისა და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაიწყო.
პოლიციამ 1979 წელს დაბადებული ლ.ქ. ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დუშეთში დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 თებერვალს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფისა და დანის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა დედას - 1957 წელს დაბადებულ ც.ქ.-ს და დას - 1977 წელს დაბადებულ თ.ქ.-ს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ორივე ქალი გარდაიცვალა.
პოლიციამ დანაშაული ჩადენის იარაღები - სანადირო თოფი და დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.