დღეის მდგომარეობით საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა და კვლავ 15 ადამიანია. უმრავლესობა მათგანის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, 2 მათგანს აღენიშნება შედარებით რთული სიმპტომები, თუმცა ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.
ამ ეტაპზე კარანტინში რჩება 178 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება - 56 პირი.
საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, იტალიაში საქართველოს საელჩო ორგანიზებულად ახორციელებს იტალიის სხვადასხვა ქალაქში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირებას რომში, საიდანაც საქართველოში მათი ორგანიზებულად დაბრუნება განხორციელდება.
საბჭოს სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საჰაერო ხომალდები იტალიაში უკვე გაგზავნილია და საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად, უახლოეს პერიოდში განხორციელდება. იტალიიდან ჩამოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს ადგილზე კიდევ ერთხელ ჩაუტარდებათ დეტალური შემოწმება, რის შემდეგაც ისინი 14 დღით სავალდებულო კარანტინს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად გაივლიან.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს, რომლებსაც ჯანდაცვის უწყების მიერ მიცემული აქვთ მითითება საკარანტინო პერიოდის თვითიზოლაციაში გატარების თაობაზე, კატეგორიულად აფრთხილებს, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, დაიცვან თვითიზოლაციის წესები, რათა არ შეუქმნან საფრთხე ოჯახის წევრებსა და მთლიანად საზოგადოებას.