weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ლითონის ღობე ხალხსა და ჩინოვნიკებს შორის - როგორც იცავს თავს ახმეტის მერია

20:17 ორშაბათი, 16 მარტი 2020

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის შესასვლელში ხალხისგან თავის დასაცავად ლითონის ღობე დაამონტაჟეს. მერთან და მერის მოადგილეებთან ნებართვის გარეშე შესვლა შეიზღუდა. მოქალაქეები ვერც საკრებულოს სხდომებზე დასწრებას ახერხებენ, რომელიც კანონით საჯაროა. შეზღუდვები კორონავირუსს არ უკავშირდება. მერს და მის მოადგილეებს პრობლემებით შეწუხებულმა მოქალაქეებმა მყუდროება რომ არ დაურღვიონ, მერიის შესასვლელს დაცვის პოლიცია ყარაულობს.

მარგალიტა ხადილაშვილი ილტოს ხეობიდანაა, სოფელ ბუხრებიდან. სოფლამდე სამანქანო გზა არ არის. 8 კილომეტრის გავლა ხშირად ფეხით უწევს. ახმეტამდე არც საზოგადოებრივი ტრანსპორტია. პრობლემების მოსაგვარებლად მერს ხშირად აკითხავდა. მერი პირდებოდა, მაგრამ არცერთი პრობლემა არ მოუგვარებია.

ორი თვის წინ, მარგალიტამ კვლავ შეძლო ილტოს ხეობიდან ჩამოღწევა. 8 კილომეტრი ისევ ფეხით იარა. მერიაში არ შეუშვეს, უთხრეს, რომ მერს მოქალაქეების მიღების დღე მხოლოდ ოთხშაბათს აქვს, 10-დან 13 საათამდე. პირველიდან ორ საათამდე მერი ისვენებს, 14 საათის შემდეგ კი მოქალაქეებს მხოლოდ 16 საათამდე იღებს. სხვა დღეებში მერს არ სცალია. მარგალიტა არ აუშვეს მეორე სართულზე, სადაც მერის სამუშაო ოთახია.

„იმიტომ ვირჩევთ ხელმძღვანელად, რომ უნდა შეძლო ხალხთან კომუნიკაცია და არა ის, რომ დაგვიკეტონ კარები. ჩვენ ხომ გვიჭირს და იმიტომ მივდივართ. ვის უკეტავენ მაგ კარებს? ეგ არის საჯარო სამსახური. ეს ჯებირები „კარფურში“ ვნახე, სხვაგან არსად მინახავს. რას ჰქვია ხალხი აწუხებთ?

იმიტომ ხარ ხელმძღვანელი, იმიტომ ხარ მთავრობა, რომ უნდა შეგაწუხო. თუ არ შეგიძლია, მიბრძანდი ბატონო. სხვა მოვა, რომელიც აგვიტანს, ან მოგვისმენს“, - მერთან შეხვედრის მოლოდინში მარგალიტა მერიის შესასვლელში რამდენიმე საათი ალოდინეს. როცა მიხვდა, რომ მერი მას არ შეხვდებოდა, მარგალიტამ ლითონის ბარიერი გადალახა და კიბეზე ასვლა დააპირა.

„ჩემს საქციელს არ ვმალავ. შეყარეს ქვეყანა, დაცვამ“, - იმ დღეს მარგალიტა მერს ვეღარ შეხვდა, არ შეუშვეს. ამბობს, რომ მერთან ან მის მოადგილეებამდე მისაღწევად დაცვის პოლიციის თანამშრომლების მოტყუება უწევს, რომ ვითომ რიგით სპეციალისტთან მიდის. კიბით ჯერ მესამე სართულზე ავა, მერე სათადარიგო კიბით მეორე სართულზე ჩადის და ასე აღწევს მერამდე.

„რეგინფოს“ მოქალაქე-ჟურნალისტები ორი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ, როგორ ვერ ახერხებს ხალხი მერთან შეხვედრას. დაცვის პოლიციის თანამშრომლები მოქალაქეებს ატყუებდნენ, რომ მერი ადგილზე არ იყო, ან შეხვედრა ჰქონდა, სოფლის პროგრამის საკითხებზე თათბირობდნენ და ა.შ. რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული ადამიანები მერიას ტოვებდნენ.

დაცვის პოლიციის წარმომადგენლებს (სამხედრო სავალდებულო სამსახურს რომ იხდიან) ვკითხეთ, რის საფუძველზე არ უშვებენ მოქალაქეებს მერის მისაღებში ან მერის მოადგილეებთან? მოვთხოვეთ, წარმოედგინათ დოკუმენტი, რომელიც ამ შეზღუდვას აწესრიგებდა. დოკუმენტი ვერც დაცვის პოლიციის წარმომადგენლებმა და ვერც ახმეტის მერიის იურიდიული სამსახურის თანამშრომლებმა გვაჩვენეს.

მერმა იოსებ ქარუმაშვილმა ვერ განმარტა, მერიის შენობის შესასვლელში რის საფუძველზე მოაწყო ლითონის ღობე მოქალაქეებისგან თავის დასაცავად. მერი დაიმუქრა, რომ პოლიციას გამოიძახებდა, თუ თავს არ დავანებებდით.

„ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის რამაზ ბაღაკაშვილის თქმით, მას ბარათი მისცეს, რომლითაც ლითონის ღობის კარს ხსნის. კითხვაზე - პანკისიდან მოქალაქე მერიას თუ მიაკითხავს, ის როგორ უნდა მოხვდეს მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან ან საკრებულოს სხდომაზე? საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე განმარტავს: ის არ უნდა შემოვიდეს.

„4-5 თვეა რაც ეს ღობე გაკეთდა. როცა საკრებულოს სხდომაზე მოვედით, განცვიფრებულები დავრჩით, ეს რომ დაგვხვდა. კახეთის არცერთი რაიონის თვითმმართველობის შენობაში არ არის ასეთი რამ. საკრებულოს სხდომაზე ვიკითხეთ რა საჭირო იყო. გვიპასუხეს, რომ ეს მერის გადაწყვეტილებაა, ვინაიდან მოქალაქეები აწუხებენ და მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. ასეთი პასუხი გაგვცა, რომ ვიღაც ნასვამი იყო მოსული და ის ვერ შეაკავეს. ნასვამისთვის არსებობს პოლიცია. გამოეძახათ და ნასვამს გაიყვანდნენ, მითუფრო, რომ პოლიციის სამმართველო ახმეტის მერიის წინ არის.

სინამდვილეში ეს გააკეთეს იმიტომ, რომ მოქალაქეები და ჟურნალისტები არ შემოუშვან. რამდენიმე დღის წინ, „მთავარი არხის“ ჟურნალისტიც არ გაატარეს.

საკრებულოს სხდომაზე როცა დავაყენეთ ამ ღობის საკითხი, უმრავლესობის წევრები დაგვთანხმდნენ, რომ მოდი კოლექტიურად ჩავიდეთ და ავშალოთო, მაგრამ ლაპარაკი დარჩა ლაპარაკად“, -უთხრა „რეგინფოს“ ახმეტის საკრებულოს წევრმა ლეიბორისტული პარტიიდან თემურ ბოდაველმა.

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის შაქრო ტერტერაშვილის თქმით, არ არსებობს არანაირი დოკუმენტი, რომელიც მერიის შენობაში მოქალაქეთა დაშვებას მოაწესრიგებდა. „რეალურად ვინ გასცემს საშვს, ვის უნდა მივმართო, ვის შეუძლია დაშვება, რომელი თანამდებობის პირს, არანაირი რეგულაცია არ არსებობს. გარდა ამისა, მერიის შენობაში ფართი აქვს აღებული განათლების სამინისტროს, იქ არის რესურსცენტრი. როგორ შეიძლება მათზე თვითმმართველობის რეგულაცია გავრცელდეს.

მერიის შენობის მეორე სართულზეა საინფორმაციო დაფა, სადაც ოფიციალურად პროექტები და მიღებული სამართლებრივი აქტები ქვეყნდება. მოქალაქეები აუცილებლად უნდა მივიდნენ და შეუფერხებლად გაეცნონ. ამავე შენობაშია საკრებულოს სხდომათა დარბაზი, სადაც მოქალაქეებს შესვლა შეუფერხებლად უნდა შეეძლოთ.

მაგრამ, შესასვლელში არის ღობე და თუ ვიღაცა საშვს არ გასცემს, თუ ვინმე არ იტყვის, რომ უნდა შეუშვან, მოქალაქე ვერც საკრებულოს სხდომას დაესწრება, ვერც მიღებულ სამართლებრივ აქტებს გაეცნობა, ვერც რესურსცენტში შევა. მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროც ამავე შენობაშია. თვითმმართველობის რეგულაციებში ისიც არ უნდა ხვდებოდეს. ვერც იქ შევა მოქალაქე და არის სრული მარაზმი.

ჩემი აზრით, ღობე მოაწყეს იმიტომ, რომ მოქალაქეებმა და ჟურნალისტებმა არ შეაწუხონ. სხვა ახსნა ამას არ აქვს.

ყველა სხდომაზე ვაპროტესტებთ. ჩვენ გვქონდა ლაპარაკი მერთან, საკრებულოს თავჯდომარესთან, საკრებულოს წევრებთან. ამ თემას ყველა თავს არიდებს.

რაიონში უამრავი პრობლემაა, მაგრამ ის პრობლემები არ აწუხებთ. აწუხებთ ის, აქ მოქალაქე რომ მოდის და თავის პრობლემაზე ესაუბრება, ან ჟურნალისტი რომ მოდის და ინფორმაციას, პასუხს ითხოვს. რაც აწუხებდათ, ის მოაგვარეს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]