უფასო სასადილოს ბენეფიციარები, უკვე რამდენიმე დღეა, საკვებს სასადილოში აღარ მიირთმევენ და კუთვნილი საკვები სახლში მიაქვთ. 50 ბენეფიციარს, რომლებსაც გადაადგილება უჭირთ „მოქალაქეთა თანადგომის“ თანამშრომლები საკვებს სახლში აწოდებენ.
„ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შემცირების მიზნით გადავწყვიტეთ, რომ უფასო სასადილოს მომსახურების წესი დროებით შეგვეცვალა. ეს ცვლილება გამომდინარეობს ვირუსისგან მათი მაქსიმალურად დაცვისთვის, რათა მისი გავრცელების რისკი შევამციროთ. რაც მთავარია, თითოეული ბენეფიციარი, რომლებისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ მომსახურების მიღება, თავის კუთვნილ საკვებს ყოვლედღიურად შეუფერხებლად იღებენ. რათქმაუნდა, სასადილოში გრძელდება ყოველდღიური დეზინფექცია, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები“, - აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სოციალურად დაუცველ პირთა მომსახურების ორგანიზაცია „მოქალაქეთა თანადგომის“ მომსახურებით, ამ დროისთვის, 196 ბენეფიციარი სარგებლობს. „მოქალაქეთა თანადგომის“ ხელმძღვანელის ინფორმაციით ბენეფიციარები საკვებს შეუფერხებლად იღებენ. იმისთვის რომ არ მოხდეს ბევრი ადამიანის დახურულ სივრცეში ერთად თავმოყრა, ხდება თითო ბენეფიციარის განცალკევებით მიღება და მომსახურება.
როგორც მერიაში განმარტავენ, უფასო სასადილოს მომსახურების წესის ცვლილება დროებითია და იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მისი აუცილებლობა იქნება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ მოუწოდებს 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, გაითვალისწინონ გაწეული რეკომენდაციები და მაქსიმალურად დაიცვან თვითიზოლაციის წესები.
R - გურჯაანის მუნიციპალიტეტიუს მერიის ინფორმაცია