თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 5 ახალი პაციენტიდან, ერთი ბავშვია.
„ხუთი ახალი პაციენტიდან 2 ჩვენს ცენტრშია მოთავსებული. ერთი პაციენტი არის ახალი წყაროდან, მეორე შემთხვევა, რომელიც ჩვენს ცენტრშია, არის ჩვენთან მყოფი პაციენტების ერთ-ერთ ჯგუფთან კონტაქტი და არის ბავშვი. მისი ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე არ არის მძიმე და იმედია არ იქნება, უკვე 5 ბავშვი გვყავს ჩვენ ცენტრში და ხუთივეს მდგომარეობა მართვას ექვემდებარება.
დანარჩენი ახალი პაციენტები სხვა ცენტრებში არიან მოთავსებულები, მათგან ერთი არის კონტაქტი ჩვენთან მოთავსებული პაციენტებთან და 2 არის შემოტანილი შემთხვევა. მათი კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს. ის ვინც ჩვენი პაციენტების კონტაქტები არიან ყველანი იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში ან საკარანტინო სივრცეში. 5-დან მხოლოდ 2 არის ახალი შემთხვევა, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთასთან ერთად გახდა ცნობილი და საკარანტინო სივრცეში მოთავსდნენ,“ - განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, სტაბილურია ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 80 წელს გადაცილებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაც: „სიტუაცია არ გაუარესებულა, მაგრამ მისი მდგომაროების გაუმჯობესებას ჯერჯერობით არ ველოდებით. ეს არის პრობლემური ქალი ასაკისა და თანდაყოლილი დაავადების გამო და გარკვეულ პერიოდში, ნებისმიერ დროს მოსალოდნელია დაავადების პროგრესირება, მაგრამ ყველაფერი ნორმალურად მიდის და გაუარესების დინამიკა არ გვაქვს“.