weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

არ გამოიყენოთ პრეპარატი „პლაქვენილი“ COVID-19-ის პროფილაქტიკის მიზნით - გაფრთხილება

14:20 კვირა, 22 მარტი 2020

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი პრეპარატ „პლაქვენილის“ გამოყენების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. ცენტრის განმარტებით, პლაქვენილი გამოიყენება COVID-19-ის მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების დროს და ისიც მკაცრად ექიმის დანიშნულებით და არ გამოიყენება ამ დაავადების საპროფილაქტიკოდ.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„სადღეისოდ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის COVID-19-ის სამკურნალოდ ოფიციალურად რეკომენდებული პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტი არ არსებობს.

ეპიდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან ჩინეთსა და რიგ სხვა ქვეყნებში ხდებოდა სხვადასხვა მედიკამენტების კლინიკური გამოცდა, მათ შორის: რემდესივირი, ლოპინავირ/რიტონავირი, დარუნავირ/კობიცისტატი, ატაზანავირ/რიტონავირი, ფავიპირავირი, ქლოროქინ ფოსფატი (დელაგილი), ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი), რიბავირინი, ოსელტამივირი, ალფა-ინტერფერონი, არბიდოლი და სხვა.

არცერთ ზემოთჩამოთვლილ მედიკამენტს არა აქვს აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) ოფიციალური რეკომენდაცია COVID-19-ის სამკურნალოდ.

ყველა ზემოთაღნიშნული მედიკამენტი, რემდესივირის და ფავიპირავირის გარდა ჩვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომია და გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.

სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა კვლევებსა და სხვადასხვა ექსპერტებს შორის ამ მედიკამენტების შედარებით ეფექტიანობაზე არსებობდა განსხვავებული აზრი. აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნებს თავიანთ გაიდლაინებში რეკომენდებული აქვთ სხვადასხვა მედიკამენტები და/ან მათი კომბინაციები.

ჩვენ ცალკეული კვლევების შედეგების, ექსპერტთა მოსაზრებების, ზემოთაღნიშნული მედიკამენტების მოქმედების მექანიზმების და COVID-19-ის პათოგენეზის ანალიზის საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ზემოთაღნიშნული მედიკამენტებიდან არჩევის პრეპარატად ჩაგვეთვალა ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი), რაც ასახულია COVID-19-ის კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში.

პრეპარატი ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) აქამდე მალარიის და ზოგიერთი რევმატიული დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებოდა და ხელმისაწვდომია საქართველოში.

საქართველოში COVID-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა ჯერ კიდევ ა.წ. თებერვალში და ამ დღიდან დაწყებული ყველა ავადმყოფი (უსიმპტომო ავადმყოფების გარდა) იღებს მკურნალობას ჰიდროქსიქლოროქინით (პლაქვენილით).

ა.წ. 19 მარტს აშშ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად განაცხადა, რომ დარგის ლიდერებთან და წამყვან სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს პრეპარატი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დაუყოვნებლივ COVID-19-ის სამკურნალოდ და რომ ეს მედიკამენტი ფაქტობრივად დამტკიცებულია FDA-ის მიერ.

პარალელურად ზოგიერთმა ქვეყანამ და წამყვანმა სამედიცინო ცენტრმა ეს გადაწყვეტილება ასახეს თავიანთ ოფიციალურ რეკომენდაციებში.

ამდენად, პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებამ სრულად დაადასტურა, რომ ჩვენმა ცენტრმა თავის დროზე სწორი არჩევანი გააკეთა, რაც შესაძლოა იყოს ერთ-ერთი (თუმცა არა ერთადერთი) მიზეზი იმისა, რომ ქვეყანაში ჯერჯერობით ძალიან წარმატებულად ხორციელდება COVID-19-ით პაციენტების, მათ შორის 80 წელს გადაცილებული ასაკის და სერიოზული თანხმლები დაავადებების მქონე პაციენტების მკურნალობა და მენეჯმენტი (საქართველოში სადღეისოდ არ არის დაფიქსირებული COVID-19-ის არცერთი ლეტალური შემთხვევა).

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ პლაქვენილი გამოიყენება COVID-19-ის მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების დროს და ისიც მკაცრად ექიმის დანიშნულებით და არ გამოიყენება ამ დაავადების საპროფილაქტიკოდ.

კატეგორიულად ვთხოვთ მოსახლეობას, არ შეეცადონ ამ მედიკამენტის აფთიაქებში შეძენას და მის გამოყენებას COVID-19-ის პროფილაქტიკის მიზნით, ვინაიდან მედიკამენტის არამიზნობრივმა გამოყენებამ შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს ამ პიროვნების ჯანმრთელობას.

გვინდა გავაკეთოთ კომენტარი აგრეთვე მედიკამენტ რემდესივირზე (Remdesivir), რომელზეც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი.

მედიკამენტი რემდესივირი თავის დროზე შეიქმნა ამერიკული კომპანია Gilead-ის მიერ ებოლას ცხელების სამკურნალოდ, მაგრამ ამ დაავადების დროს ეფექტიანი არ გამოდგა. ამჟამად ძალიან სერიოზული ჯგუფების მიერ, მათ შორის აშშ ნაციონალური ინსტიტუტის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის დირექტორის Anthony Fauci-ის მიერ, შეისწავლება ამ მედიკამენტის ეფექტიანობა COVID-19-ის სამკურნალოდ და წინასწარი კვლევებით მიღებულია დამაიმედებელი შედეგები.

Gilead Science სწორედ ის კომპანიაა, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საქართველოს უფასოდ აწვდის მილიარდობით აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტებს და შესაბამისად, აქვს საქართველოსთან მჭიდრო და საქმიანი პარტნიორული ურთიერთობა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და მთავრობამ უკვე მიმართეს კომპანია Gilead Science -ს, მოაწოდოს საქართველოს მედიკამენტ რემდესივირის გარკვეული რაოდენობა და გვაქვს იმედი, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს ამ მედიკამენტს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]