„ვირუსისგან კი არ მოვკვდებით, შიმშილი მოგვკლავს“ - უთხრა მარნეულის სათემო რადიოს აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ქალმა.
„გუშინ 1 ბოთლი ზეთი და 2 კილო მაგარონი მომცეს. ეს რაში გვეყოფა, სამი შვილი მყავს. ამით რა უნდა ვქნათ, როცა გარშემო ყველაფერი დაკეტილია და ვერსად ვმუშაობთ“, - აღნიშნა აქციის მონაწილემ.
მარნეულის მერიამ სასურსათო პროდუქტით ათასამდე ოჯახი მოამარაგა. აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლება დახმარებებს შერჩევით ანაწილებს.
მარნეულის მერის ზაურ დარგალის განცხადებით, არასწორია ინფორმაცია, თითქოს მერიის მიერ დახმარება ყველა მარნეულელს გადაეცემა. „დახმარება მხოლოდ მოწყვლადი ჯგუფებისთვის, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი“, - აღნიშნა მერმა.
„არის მცდარი მოლოდინები იმაზე, რომ ყველას ეკუთვნის დახმარება. მთლიან მოსახლეობას ეს ყველაფერი არ ეკუთვნის და ბუნებრივია, ამას ვერც გავწვდებით“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.
მარნეულის მერმა აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა და მათ დაპირდა, რომ სოფლებში მერის წარმომადგენლები და საკრებულოს წევრები მათ საჭიროებებს გაეცნობიან.
მერის მოწოდების მიუხედავად მოსახლეობა არ დაიშალა. ადგილზე სამართალდამცავები არიან.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. 23 მარტიდან მკაცრი საკარანტინო რეჟიმია მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მას შემდეგ, რაც მარნეულში 62 წლის ქალს კორონავირუსი დაუდგინდა. ორივე მუნიციპალიტეტში ბლოკ-პოსტებია მოწყობილი, შესასვლელ-გამოსასვლელებს სამხედროები და პოლიციელები აკონტროლებენ.