weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კომენდანტის საათი საქართველოში - 21:00-დან 6:00-მდე სახლიდან გასვლა აიკრძალა

17:35 ორშაბათი, 30 მარტი 2020

31 მარტიდან საქართველოში საყოველთაო კარანტინი ცხადდება. საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათი წესდება და სახლიდან გამოსვლა იკრძალება.

70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ დღის განმავლობაშიც, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა და სამედიცინო დაწესებულებაში.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება.

იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს ორი მეტრის სოციალური დისტანცია.

„დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი, მათ შორის მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი განთავსდება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არ გათვალისწინების შემთხვევაშიც სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, პირთა გადაადგილების კონტროლის და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველადი შემოწმების მიზნით, ასევე, პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით, მოეწყობა საკონტროლო პუნქტები შემდეგ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში. ამ ღონისძიებას განახორციელებს შსს-ის ძალები და მასთან ერთად ჩართულნი იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები.

„მინდა მივმართო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს - ამ პირობების და ამ შეზღუდვების შესრულება არის ზღვარი, რომელზეც გადის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, ვიყოთ ეფექტურები და ყველას გვესმოდეს, რომ ეს არის ის შემთხვევა, როდესაც განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა სახის მსოფლმხედველობისა, ჩვენ ვემსახურებით ერთადერთ მიზანს - ეს არის საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. შეუძლებელია დღეს ზუსტი პროგნოზის გაკეთება, რა იქნება ერთ კვირაში ან ორ კვირაში, ამიტომ უკიდურესი მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულ მუშაობას. შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი -144, რომელიც, რა თქმა უნდა, იქნება უფასო და რომელიც სრულ კოორდინაციას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობას“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერის განცხადებით, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ექნება შეგრძნება, ელემენტარული ცხელება, მან უნდა დაურეკოს ოჯახის ექიმს და აქედან დაიწყება რისკის შემცველი პაციენტის მართვა. „მოგეხსენებათ რომ ამ ვირუსის დიდი ნაწილი ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ზოგ შემთხვევაში მიმდინარეობს ძალიან მსუბუქად.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, იმისთვის, რომ ჩვენი მშობლების თაობის, ჩვენი მოხუცების, ჩვენი პენსიონერების ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების რისკი შევამციროთ, რომლებთანაც დაავადება უფრო მძიმედ ვითარდება, მათთვის საავადმყოფოებში უნდა შევინარჩუნოთ ადგილების რაოდენობა.

ახალგაზრდები მარტივად უნდა გავუმკლავდეთ ამ ვირუსს სახლის პირობებში და ამაში უნდა მოგვეხმარონ ოჯახისა და სოფლის ექიმები“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]