„თბილისში, ნავთლუღის ბაზარში 4-5 კაცს ვიცნობ. წინა წლებში მათთან ჩამქონდა. წელსაც რომ აყვავდა, დავრეკე და მითხრეს, ბაზარი დაგვიკეტეს, ვისთანაც ვაბარებდით მაღაზიაში, ისინიც დახურულები არიანო. ტყუილად არ იწვალო, არ ჩამოიტანო კაკო ძია, ხარჯი არ გაწიოო“.
„დილით რომ გამოვალ, ვმშვიდდები ხოლმე, მაგრამ ეხლა გამოსვლაც არ მინდა, ამ პერიოდში ასე რომ ვუყურებ. ერთი 10-15დღე ძლებს, მერე გასცვივა ყვავილები და დაჭკნება“.
კაკო ჯეირანაშვილის შესახებ გუშინ რადიო თავისუფლებამ მოგვითხრო. კაკოს დახმარების სურვილი ბევრ ადამიანს გაუჩნდა. მარიამ ნატროშვილმა ფეისბუკში კამპანია წამოიწყო - იყიდე წითელი ტიტა. დახმარების მსურველებს კაკო ჯეირანაშვილის ოჯახის წევრის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ: GE62TB7096445061100088, მიმღები: ნანა ბეჟაშვილი.
„დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩემი ეს გაჭირვება გულთან მიიტანა და დამეხმარა. ის ორი თუ ხუთი ლარი, ასი ლარიც, თვითონ იკლებენ და გაჭირვებულ ადამიანს ეხმარებიან, ეს ხომ დიდი სიკეთეა. მთელი ცხოვრება ასე იყავით, დღეს რა სიხარულიც მომანიჭეთ“, - კაკოს დასახმარებლად, კამპანიის ორგანიზატორების ინფორმაციით, 5000 ლარამდე უკვე შეგროვდა.