შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 10 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მცხოვრებ მ.ხ.-ს „ქურდული სამყაროს“ წევრები - ლ. ქ.-მ, ვ. ბ.-მ და ზ. მ.-მ. საზღვარგარეთ საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი „კანონიერი ქურდის“ - გ.კ-სთვის და ე.წ. „ქურდულ საერთოში“ ფულადი თანხის ჩარიცხვას აიძულებდნენ.
ბრალდებულებმა დაზარალებულ მოქალაქეს, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდასაჭერად, ე.წ. „ქურდულ საერთოში“ ჩასარიცხად, 18 000 ლარის გადახდა დააკისრეს.
ბრალდებულებმა სისტემატიური ზეწოლისა და ქურდული გარჩევის გზით დაზარალებულ მოქალაქეს - „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდასაჭერად 10 000 ლარი გამოსძალეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც „ქურდული სამყაროს“ წევრობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.