მირტაგი ასადოვის სუსში გამოკითხვის პროცესი 16 აპრილს ვერ შედგა, რადგან ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ადვოკატისთვის მარნეულში საშვის დაშვებასთან დაკავშირებით სირთულეები შეიქმნა. ასადოვის გამოკითხვა 17 აპრილს, 12 საათზე ჩატარდება.
დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოკითხული ორი სხვა პირის განმარტებით, მათი გამოკითხვა მარნეულში ბოლო დღეებში ორგანიზებულ სოციალურ პროტესტს უკავშირდებოდა.
როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ბოლო რამდენიმე დღეა ადგილობრივი მოსახლეობა საღამოს 9 საათზე 5 წუთის განმავლობაში, ქუჩაში გამოუსვლელად, მანქანების სიგნალებით აპროტესტებს მუნიციპალიტეტში შექმნილ პრობლემებს. მათი პროტესტი სოფლის მეურნეობის პროდუქტების უკიდურესად დაბალ ფასებში ჩაბარების და მაღაზიებში პროდუქტების ფასების გაუმართლებელი და სპეკულაციური ზრდის პრაქტიკას უკავშირდება.
მირტაგი ასადოვი განმარტავს, რომ ის შეუერთდა ამ სოციალურ პროტესტს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, საბოტაჟი გულისხმობს საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას.
„მირტაგ ასადოვი ამ პროცესს გუშინ ტელეკომპანია „მთავარში“ მის მიერ მიცემულ ინტერვიუს უკავშირებს, სადაც მან განმარტა, რომ საქართველო არ არის თეოკრატიული ქვეყანა, ის სეკულარული სახელმწიფოა და დაყოფა „ჩვენ-სხვები“ სწორი არ არის.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ფიქრობდა მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომ ეკლესიები არ დაიკეტებოდა დღესასწაულზე, მან კითხვითვე უპასუხა: „მაშინ ჩვენს გავხსნით მეჩეთებს რამადანზე და ვნახოთ პრემიერ-მინისტრი ჩვენს მიმართ როგორ მოიქცევა“.