weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

17 პრილიდან 21 აპრილის ჩათვლით მსუბუქი მანქანებით გადაადგილება იკრძალება

21:21 ხუთშაბათი, 16 აპრილი 2020

მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 აპრილის 12:00 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში მთავრობას მოუწევს სრული კარანტინის გამოცხადება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„მოგეხსენებათ, გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 30-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ერთი კვირის მონაცემით კი, 140-ით გაიზარდა შემთხვევების რაოდენობა, რაც სწრაფი ზრდის მაჩვენებელია. საერთო ჯამში, დღევანდელი მონაცემებით, გვაქვს ინფიცირების 348 დადასტურებული შემთხვევა და ქვეყანაში დაწყებულია აქტიური შიდა გავრცელების ეტაპი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდას ელოდებიან. მთავრობამ, დროულად მიიღო ზომები, რათა შეეჩერებინა Covid-19-ის გავრცელება. მოქალაქეთა მობილობის შემცირების მიზნით, 4 დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში, გუშინ 21:00 საათიდან შესვლა-გამოსვლაც აიკრძალა. სპეციალისტების მკაცრი რეკომენდაციების მიუხედავად, რომ დავრჩეთ სახლში, ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ მოძრაობა მაინც საკმაოდ ინტენსიური რჩება, რაც ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელია. დღეს კი, თანამედროვე მსოფლიოში, სამწუხაროდ არ არსებობს, უფრო ეფექტური გზა და საშუალება ვებრძოლოთ Covid-19-ს, ვიდრე სოციალური დისტანციის დაცვაა. ამიტომ, მთავრობა კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოგიწოდებთ, დარჩეთ სახლში! ამ მიზნით, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, დაწესებული ზომების დამატებით გამკაცრების შესახებ. ხვალ, 17 აპრილის დღის 12:00 საათიდან, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ანუ 21 აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება,“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, რომ

შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვასა და დისტრიბუციის მანქანებზე.

„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ყველა სხვა ობიექტი, რომელიც აქამდე მუშაობდა, ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, ასევე მუშაობას აგრძელებს ე.წ „დილივერი სერვისი“. ამასთან, დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოქმედმა კომპანიებმა, თანამშრომელთა ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ნებართვის მიღების მიზნით, უნდა მიმართონ დარგობრივ სამინისტროებს. მათ ასევე შეუძლიათ, ისარგებლონ მთავრობის ცხელი ხაზით და დარეკონ ნომერზე - 144,“- განაცხადა ჩიქოვანმა.

მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების აკრძალვაზე დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება მედიის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან კომენდანტის საათში გადაადგილების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებულ ერთიან ელექტრონულ ბაზაში. შეუფერხებელი გადაადგილებისთვის, აუცილებელია, ელექტრონულ ბაზაში დაფიქსირებული იყოს იმ ავტომანქანის სახელმწიფო ნომერიც, რომლითაც მედიის წარმომადგენლები გადაადგილდებიან. აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა იმ პირებისთვისაც, რომლებიც მუშაობენ თბილისში და ცხოვრობენ სხვა ქალაქებში, მაგალითად მცხეთაში ან რუსთავში. გადაადგილებისას მედიის წარმომადგენლებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და სამსახურებრივი საშვები - ე.წ პრესბარათები.

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, ელექტრონულ ბაზაში ავტომანქანების და გადაადგილების უფლების მქონე პირთა დამატება აღარ განხორციელდება, შესაბამისად, ამ უფლების დამატებით მოპოვება შეუძლებელია.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ხვალიდან სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება დახურულ საჯარო სივრცეში.

„პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნის შესრულებაზე ეკისრებათ იურიდიულ პირებს. შეგახსენებთ, რომ იურიდიული პირებისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 15 ათასი ლარით. ასევე, შეგახსენებთ, რომ ხვალიდან შეზღუდვები წესდება სასაფლაოებზე შესვლასთან დაკავშირებით,“- აღნიშნა პრემიერის მრჩეველმა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ყველა ზედმიწევნით არ დაიცავს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ შეზღუდვებს, ეპიდემიოლოგიური ვითარება გამწვავდება და მთავრობას მოუწევს უახლოეს პერიოდში ზომების უკიდურესი გამკაცრება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას გულისხმობს.

16 აპრილის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის 348 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 76; გარდაცვლილია - 3; კარანტინის რეჟიმშია - 5000 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 494.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]