weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მესტიაში ცენტრალური ქუჩისთვის თავისუფალი ხალდეს სახელის დარქმევას ითხოვენ

09:18 ოთხშაბათი, 27 მაისი 2020
ფოტოზე - ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციის წევრები პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებისას ფოტოზე - ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციის წევრები პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებისას

ზემო სვანეთის მოსახლეობამ პეტიციით მიმართა მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს - დაბაში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას თავისუფალი ხალდეს სახელი ეწოდოს. პეტიციის ინიციატორი ახალდაფუძნებული ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციაა.

„ჩემთვის ხალდეს ისტორია თავისუფლებისთვის ბრძოლის ყველაზე ნათელი მაგალითია. ახლაც, როცა ჩვენ ისევ რუსულ იმპერიალიზმთან ბრძოლა გვიწევს, სვანეთში, რომლის მეზობელი კუთხე აფხაზეთი და კოდორის ხეობა რუსეთს აქვს ოკუპირებული, თავისუფლებისთვის, მეხსიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მესტიაში თავისუფალი ხალდეს ქუჩა არსებობდეს.

მეც, ჩემმა თანატოლებმაც, ყველამ, აქაურმაც და სტუმარმაც კარგად უნდა ვიცოდეთ, არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, ერთმა პატარა სოფელმა როგორ იბრძოლა თავისუფლებისთვის“, - უთხრა „რეგინფოს“ თემურ ფირცხელანმა, ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.

ხალდეს აჯანყება 1875-1876 წლებში მეფის რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ იყო მიმართული. ზემო სვანეთის სოფლების მოსახლეობა უარს ამბობდა მეფის მთავრობისთვის მიწის ბეგარის გადახდაზე. ხალდელებმა ხატზე დაიფიცეს. მეფის რუსეთმა მათ დასასჯელად 2000-მდე სამხედრო და მილიციელი გაგზავნა. თორმეტი კოშკიდან ორმოცამდე შეიარაღებული კაცი ებრძოდა რაზმებს. რუს გენერალს სოფლის მოპირდაპირე მხარეს ქვემეხები განელაგებინა. უბრძანებია, მთელი სოფელი ალყაში მოექციათ და ცოცხალი არავინ გაეშვათ. ბრძოლა 21 აგვისტოს დაიწყო და 27 აგვისტომდე გაგრძელდა. სოფელი მთლიანად გადაწვეს. ცოცხლად გადარჩენილ აჯანყებულებს გადასახლება მიუსაჯეს. გადასახლებულთაგან მხოლოდ ჩოფა ჩოფლიანი და მომი ჩეგიანი დაბრუნდნენ ცოცხლები. გადაბუგულ და გაცამტვერებულ ხალდეში მეფის მთავრობამ დასახლება აკრძალა. მხოლოდ 1880 წელს მიიღეს ხალდელებმა თავიანთ სოფელში დასახლების უფლება. თუმცა, სოფელს, ხალდეს ნაცვლად ახალი იფრარი დაარქვეს.

1990-იან წლებში ხალდე სტიქიამ დააზარალა. მოსახლეობა ქვემო ქართლში გადასახლდა.

რამდენიმე წლის წინ, ჯოხაძეების ერთი და გასვიანების სამი ოჯახი დაუბრუნდა ხალდეს, ჯერ მხოლოდ ზაფხულობით. „მთის ამბებმა“ ხალდედან რეპორტაჟი გასულ წელს მოამზადა. ბევრს არაფერს ითხოვდნენ საქართველოს მთავრობისგან - შუქს და გზას. შუქი უკვე აქვთ, გზა გვიან შემოდგომაზე ისევ იკეტება ზაფხულამდე, რეაბილიტაცია სჭირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]