weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

EMC „ბახვი 2-ის“ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაუქმებას სასამართლოში ითხოვს

11:40 ხუთშაბათი, 28 მაისი 2020

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი ოზურგეთში, მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის „ბახვი 2-ის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის თაობაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და მის ბათილად ცნობას ითხოვს. EMC-მ, ადგილობრივი გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია "ეკოს" სახელით, სასამართლოს მიმართა.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კანონის დარღვევით გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს.

„გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი (გზშ) ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპზე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც მოიცავს ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებისას გარემოზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ, მათ შორის, მოსახლეობაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე, ბიომრავალფეროვნებაზე, წყალზე, ჰაერზე, ნიადაგზე, კლიმატზე, ლანდშაფტზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე და სხვა მატერიალურ ფასეულობებზე.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი არ მოიცავს სრულყოფილ და ამომწურავ ინფორმაციას, არ ეფუძნება სრულყოფილ კვლევებს, მათ შორის, არ არის სრულყოფილად გამოკვლეული ფიზიკურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების ყველა ფაქტორი; არ არის გამოკვლეული, შეუფასებელი ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის კუმულატიური ეფექტი, მისი მშენებლობისა და ექსპლუატაციის გავლენა კურორტ ბახმაროს ეკოსისტემაზე, ასევე, იმ სოფლებსა და მცხოვრებ მოსახლეობაზე, სადაც მდინარე ჩაედინება.“ - წერს EMC.

ორგანიზაციას განსაკუთრებულ პრობლემად მიაჩნია ის ფაქტი, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2020 წლის 23 აპრილს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში, ადგილობრივი მოსახლეობის სათანადო ინფორმირებისა და რეალური მონაწილეობის გარეშე მიიღო.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტით დგინდება, რომ 36 მგვ-იანი სიმძლავრის დადგმული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი დაგეგმილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ უკანავას მიმდებარე ტერიტორიაზე. ის არარეგულირებადი,  დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას და ექსპლუატაციას ითვალისწინებს . "ბახვი 2" ჰესის ინფრასტრუქტურული ობიექტები მდინარე ბახვისწყლის მარცხენა სანაპიროზე განთავსდება "ბახვი 3-ის" სათავე ნაგებობიდან დაახლოებით 100 მეტრში, ზედა ბიეფში, ზღვის დონიდან 1370-504 მეტრ ნიშნულებს შორის. პროექტის მიხედვით, ჰესის სათავე კვანძიდან უახლოესი დასახლებული პუნქტი კურორტი ბახმარო, მდებარეობს 6570 მეტრში, ჰესის ძალური კვანძიდან (ჰესის შენობა) უახლოესი საცხოვრებელი ზონა, სოფელი უკანავა დაცილებულია 2315 მეტრით, ხოლო სოფელი ვაკიჯვარი 3375 მეტრით. გარდა პროექტით გათვალისწინებულისა, ჰესის მშენებლობა ასევე ეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ვანისქედი, ოქროსქედი, უკანავა, ფამფალეთი, ბახვი, მთისპირი და მშვიდობაური - სადაც მდინარე ბახვისწყალი ჩაედინება.

პროექტის შემსრულებელი შპს "ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერის" მიერ დაფუძნებული და 100%-იანი წილის მფლობელი კომპანია შპს "ბახვი 2"-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]