ამჟამად სოფელ მუშევანში 73 ადამიანია ინფიცირებული, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კი 183. მათგან 83 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 დაიღუპა.
31 მაისს კიდევ 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 4 საკარანტინე სივრციდანაა, ხოლო 4 ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირებულთა რიცხვის 26-ით მომატება პანიკის საფუძველი არ უნდა გახდეს.
„ზოგადად, შემსუბუქების პროცესის მიმდინარეობისას ყველა ქვეყანაში დაფიქსირდა შემთხვევათა რაოდენობის მატება. ალბათ, მოსალოდნელია, რომ ჩვენთანაც იყოს, მაგრამ ეს არავითარი პანიკის საფუძველი არ უნდა გახდეს.
თუნდაც დღეს, ახალი შემთხვევების 26-ით გაზრდა პანიკის არავითარ საფუძველს არ წარმოადგენს, რადგან ყველა ეს შემთხვევა კონტროლქვეშაა.
ვიცით, თითოეული კონტაქტი, ვახდენთ თითოეულის სწრაფ იზოლირებას, მკურნალობას და მათი კონტაქტების სწრაფ გამოკვლევას. ქვეყანაში პროცესები მართვადია და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სრულ კონტროლს ექვემდებარება. ჩვენ სულ უფრო და უფრო ახალი ჯგუფების ტესტირებას ვაპირებთ, რათა მაქსიმალურად მოვახდინოთ პრევენცია და დროული იდენტიფიცირება, თუ კორონავირუსზე დადებითი შემთხვევა არის“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსის 783 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 605, გარდაცვლილია - 12, კარანტინის რეჟიმშია - 2494, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 301.