weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პანდემია ბავშვთა აზარტულ თამაშებში ჩართვის საფრთხეს აძლიერებს - EMC

18:15 ორშაბათი, 01 ივნისი 2020

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უმოკლეს დროში შეიმუშავოს აზარტული თამაშების მკაცრი რეგულირების მექანიზმები და არ დაუშვას მათში არასრულწლოვანთა მონაწილეობა.  ორგანიზაცია შიშობს, რომ პანდემიის პირობებში, ეკონომიკურმა კრიზისმა შესაძლოა, ხელი შეუწყოს აზარტულ თამაშებში ჩართულობას. 

ხელისუფლებისადმი მიმართვა ცენტრმა 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თამაშზე დამოკიდებულება დაავადებად/აშლილობად მიიჩნია და შესაბამისი კლასიფიკაციაც მიანიჭა, ევროპის კომისიამ კი მიიღო რეკომენდაციები ონლაინ აზარტული მომსახურებების მომხმარებელთა და მოთამაშეთა დაცვისა და მცირეწლოვანთა ონლაინ აზარტული თამაშებისგან დაცვის შესახებ. დოკუმენტი მოუწოდებს სახელმწიფოებს, დაარეგულირონ აზარტული თამაშები და სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით უზრუნველყონ აღნიშნულ თამაშებში არასრულწლოვნების ჩართვის პრევენცია. მიუხედავად არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისაგან დაცვის შესახებ ბავშვის უფლებათა კოდექსის ჩანაწერებისა და აზარტულ და მომგებიან თამაშებში ბავშვების ჩართვის აკრძალვისა, სახელმწიფოს კვლავ არ შეუქმნია ეფექტიანი საკანონმდებლო და პოლიტიკის ჩარჩო როგორც პრევენციის, ისე პრობლემაზე რეაგირების მიმართულებით.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ აზარტულ თამაშებში ჩართული არასრულწლოვნების შესახებ მომზადებული კვლევის მიხედვით, 15 წლამდე მოზარდთა 34%-ს ერთხელ მაინც უთამაშია აზარტული თამაში, 27%-ს კი - ბოლო 1 წლის განმავლობაში. 

EMC-ის მიმართვაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში 10 ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიას შორის 3 ტოტალიზატორია. სექტორის ბრუნვამ, 2018 წელს, 14 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც ცალსახად აჩვენებს, რომ აზარტული თამაშების ბიზნესი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანია.

„აზარტულ თამაშებში ჩართვა უამრავი პრობლემის საფუძველია - მათ შორისაა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, ფინანსური პრობლემები, დასაქმებასთან და განათლებასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე უსახლკარობა, სუიციდი და სხვა. კრიზისის პირობებში კი ეს რისკები განსაკუთრებით სახიფათო ხდება. კორონავირუსის პანდემია საქართველოს უამრავ მოქალაქეს მძიმე ეკონიმიკური წნეხის ქვეშ აყენებს. ცნობილია, რომ ეკონომიკური კრიზისები აზარტულ თამაშებში ჩართულობას ზრდის, თუმცა საქართველოში მოქმედ ონლაინ ტოტალიზატორებსა და კაზინოებს საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მუშაობა არ შეუწყვეტიათ და თვითიზოლაციის პირობებში მყოფი მომხმარებლების მიზიდვას ახალი მარკეტინგული კამპანიებით ცდილობდნენ.

აზარტული თამაშების კუთხით, კიდევ უფრო სახიფათოა მოწყვლადი ჯგუფები,რომლებიც უფრო ხშირად ერთვებიან აზარტულ თამაშებში, ვიდრე სხვა დანარჩენი. უახლესი მონაცემებით, საქართველოში ყოველი მესამე, ანუ დაახლოებით 200, 000 ბავშვი სიღარიბეში იზრდება ეს კი იმის საწინდარია რომ მათი უმრავლეოსობა შესაძლებელია აზარტული თამაშების აქტიური მომხმარებელი გახდეს“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიმართვაში.

EMC-ის შეფასებით, სახელმწიფო არათუ არ ზრუნავს ამ მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებასა და ფინანსური რესურსების მობილიზაციაზე, არამედ წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შეამცირა იმ კომპონენტის დაფინანსება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]