weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საკარანტინო ზონიდან კოვიდინფიცირებული სახლში გაუშვეს - მიმდინარეობს მოკვლევა

12:03 ოთხშაბათი, 03 ივნისი 2020

შეცდომით შინ გაწერილი კოვიდინფიცირებული პაციენტის საქმისა და მისი 100-მდე კონტაქტის მოკვლევა მიმდინარეობს. ნინოწმინდის მცხოვრები გუდაურის საკარანტინო ზონიდან 31 მაისს გაწერეს, თუმცა მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ შინ გაშვებული პაციენტი კოვიდინფიცირებული იყო და სასწრაფო სამედიცინო ჯგუფისა და პოლიციის თანხლებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ინფორმაცია ,,სამხრეთის კარიბჭემ“ გაავრცელა. გამოცემის ინფორმაციით, 44 წლის მამაკაცი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის მკვიდრია. ის საქართველოში მაისის დასაწყისში რუსეთის ფედერაციიდან ჩამოვიდა და კარანტინი გუდაურის ერთ-ერთ სასტუმროში გაიარა. ნინოწმინდაში მერის რწმუნებულის თქმით, საკარანტინე ზონაში ექიმებს მისი და ჯანმრთელი პაციენტის ანალიზის პასუხები აერიათ და სახლშიც მაგიტომ გაწერეს, შეცდომა კი ორი დღის შემდეგ აღმოაჩინეს. 

„საკარანტინო ზონაში დაუკარგავთ ტესტები, მომხდარა გაუგებრობა და პირი კარანტინიდან გაუწერიათ სრულიად ჯანმრთელი ადამიანივით. ეს კაცი უკვე 20 დღეა საქართველოში იმყოფება არანაირი სიმპტომი არ ჰქონია, აბსოლუტურად ჯანმრთელად გრძნობდა თავს. თვითონაც უკვირს როგორ დაინფიცირდა. ის საქართველოში მარტო არ შემოსულა, დაახლოებით 10 კაცთან ერთად იყო და სხვებს, მის მეგობრებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ“, – ამბობს სამხრეთის კარიბჭესთან“ ნინოწმინდაში მერის რწმუნებებული ეგორ თოროიანი.

თოროიანის თქმით, შინ დაბრუნებულს კონტაქტი ოჯახის ხუთი წევრის გარდა, სოფლის ასამდე მცხოვრებთან ჰქონდა. ,,დიდი ხნით რუსეთში იყო და ყველამ ახლოდან მოიკითხა“.

მომხდართან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ,,სამხრეთის კარიბჭეს“ უთხრეს, რომ ამ საკითხის მოკვლევა დაწყებულია, თუმცა ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მედიასთან საუბრისას ანალიზების არევის ფაქტი უარყო.

„ტესტების არევა არ მომხდარა. კარანტინში ორჯერ გაიტესტა და ახლა ხდება მისი განმეორებითი ტესტირება. გაუშვეს რატომღაც ერთი ტესტის საფუძველზე, როცა მეორე იყო სუსტად დადებითი და ახლა ხდება მისი ჩაღრმავებული კვლევა. სისხლის გამოკვლევა მოხდება. არ არის სწორი ინტერპრეტაცია, რომ ორი დღის შემდეგ აღმოაჩინეს. ის იდენტიფიცირებული იყო, გარკვეულ შეუთანხმებლობას ჰქონდა ადგილი, რომელსაც ახლა ვიკვლევთ. ის ახლა გადაყვანილია გორის ჰოსპიტალში და ვფიქრობთ, რომ არაფერი განსაკუთრებული იქ არ იქნება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის ვარაუდით, პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია და ამის დასადასტურებლად მას ანტისხეულებზე გამოიკვლევენ.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]