weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

3 000 ლარიანი ჯარიმების საქმეს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს

16:16 ოთხშაბათი, 03 ივნისი 2020

მარნეულის მკვიდრი, ელსევარ აგაევი და საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო 3 ათას ლარიან ჯარიმას და პრეზიდენტის დეკრეტს საკონსტიტუციოში ასაჩივრებენ. სარჩელი სასამართლოში 2 ივნისს შევიდა.

დავის საგანია პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის N 1 დეკრეტი, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ. სწორედ ამ დეკრეტის საფუძველზე დააჯარიმეს მარნეულის მცხოვრები ელსევარ აგაევი 2020 წლის 13 აპრილს. სარჩელში აღნიშნულია, რომ აგაევი დაახლოებით 18:00 საათზე ფეხით გადაადგილებისას საპატრულო პოლიციამ 3000 ლარით დააჯარიმა.

მოსარჩელე სასამართლოსგან ითხოვს, მისთვის შეფარდებული სანქცია უკანონოდ ჩაითვალოს და არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს პრეზიდენტის დეკრეტი, რადგან ის ადმინისტრაციულ სასჯელთან ერთად, დარღვევის გამეორების შემთხვევაში, ითვალისწინებს სისხლის სამართლის სასჯელსაც, რისი დადგენაც არა პრეზიდენტის, არამედ საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილებაა. მოსარჩელეს მოჰყავს კანონი  „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“, რომელიც ჯერ კიდევ 1997 წელს დადგინდა და ითვალისწინებს იმ წესებს, როგორი პროცედურით უნდა იქნეს შემოღებული საგანგებო მდგომარეობა და რომელი უფლება როგორ უნდა შეიზღუდოს. საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის კრიმინალიზებას კანონი იმთავითვე გამორიცხავს და ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ კანონით წინასწარ უკვე დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, რომელიც არ არსებობს.

სარჩელში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტის გამოცემულ დეკრეტს უკვე არსებული უფლებების მხოლოდ დროებით შეზღუდვის შესაძლებლობა გააჩნია და კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს არ აქვს საკანონმდებლო უფლების ძალმოსილება, შექმნას ახალი კანონმდებლობა და მისი დარღვევისათვის შემოიღოს იურიდიული პასუხისმგებლობა.

მოსარჩელე პრეზიდენტს კანონით მინიჭებული უფლება-მოვალეობების გადაჭარბებას ედავება, „რადგან ერთპიროვნულად შემოიღო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ახალი სახეც კი დაადგინა“.

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით არ პაუზდება საკანონმდებლო საქმიანობა და პრეზიდენტი თუნდაც დროებით არ ითავსებს საკანონმდებლო ფუნქციებს. ნორმის მისაღებად არსებული განსაკუთრებული წესის გვერდის ავლით, მას არ ეძლევა ახალი ნორმის, მით უფრო იურიდიული პასუხისმგებლობის დადგენის კომპეტენცია. სხვა სიტყვებით, პრეზიდენტის ხელში არ გადადის სხვა უმაღლეს ორგანოთა უფლებამოსილებები და გამარტივებული წესით ის არ ითავსებს საკანონმდებლო ორგანოს უძირითადეს კომპეტენციას. რაც ყველაზე მთავარია, ასეთ დროს ადამიანის უფლებები და ე.წ. „რეპრესიული (პასუხისმგებლობის) სამართალი“ არ იმართება ერთპიროვნულად, ვინმეს სურვილითა და ერთი ხელმოწერის პრინციპით“, - ნათქვამია სასარჩელო განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიუღებელია პირი ადმინისტრაციულ ან სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცეს იმ ნორმის დარღვევისათვის, რომელიც არ დაუდგენია პარლამენტს - „რა სახის აღმატებული ფუნქციაც არ უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს, ის ვერასოდეს ვერ განახორციელებს პარლამენტის ერთადერთ კომპეტენციას - კანონით დააწესოს, შემოიღოს იურიდიული პასუხისმგებლობა, მითუფრო საპარლამენტო მმართველობის მოდელის მქონე ქვეყნებში.“

მოსარჩელე ასევე იშველიებს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რომლის მიხედვით ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება.

„რეგინფო“ ესაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო სამსახურის უფროს სპეციალისტს, ზურაბ კვირკვაიას, რომელმაც გვითხრა, რომ სარჩელი რეგისტრირებულია, თუმცა განხილვის თარიღი ჯერჯერობით არაა ჩანიშნული, რადგან სასამართლოში არსებით განხილვამდე უნდა გაიაროს რამდენიმე პროცედურა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რადგან სადავო საკითხი ნორმატიული აქტია, მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილება გავრცელდება ყველაზე, ვისაც აღნიშნული ნორმატიული აქტი შეეხო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]