weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

მთავარი არა ძეგლების, არამედ ცნობიერების შეცვლაა - ირაკლი ხვადაგიანი

18:17 ხუთშაბათი, 04 ივნისი 2020

ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის გარშემო დაწყებულმა დისკუსიამ კიდევ ერთი საკითხი წამოწია წინ - რა პოლიტიკას ატარებს სახელმწიფო ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში დღემდე არსებული სიმბოლიკების მიმართ, რა საფრთხეებს შეიცავს აქცენტის გაკეთება მაინცდამაინც ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ ქალაქში მდგარ ძეგლზე, მაშინ როდესაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დღემდე, ბევრგან ვხვდებით საბჭოთა ლიდერების ძეგლებს, ბარელიეფებს, ქუჩებსა და ადგილებს, რომლებსაც საბჭოთა ლიდერების სახელები ჰქვია.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია ქვეყანაში საბჭოთა წარსულის გააზრების აუცილებლობაზე, ხელისუფლების პოლიტიკაზე და იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლებსაც მკვლევარებს სახელმწიფო დახმარების ნაცვლად უქმნის.

„რეგინფო“ გთავაზობთ საბჭოთა წარსულის მკვლევარის, ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანის მოსაზრებებს. მან ამ თემაზე პანკისის სათემო რადიოს გადაცემა „ფოკუსში“ ისაუბრა.

 -  როგორ შეაფასებდით მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის განცხადებას, რომლითაც მან მარნეულის მერს ძეგლის ასაღებად ვადა მისცა?

- ჩვენ, საკითხის მნიშვნელობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებლად ჩავთვალეთ, რომ გამოვხმაურებოდით, რადგან საკმაოდ არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა ამას და ჩვენც, ასევე, მრავალ ჭრილში ვხედავთ პრობლემას. ახლა არ შევალ დეტალებში, რომ მაინცდამაინც ტონი როგორი იყო რელიგიური ორგანიზაციის მხრიდან, ან საერო ანუ სამოქალაქო საქმეებში ჩარევის პრეცედენტები რამდენად მისასალმებელია. ეს რომ გადავდოთ, ერთი მხრივ, ის მოწოდება, რომ საბჭოთა ტოტალიტარიზმისა და ამ რეჟიმის სიმბოლოები, კონკრეტული ადამიანების განმადიდებელი ძეგლები არ უნდა იყოს საჯარო სივრცეში და ეს კანონითაც აკრძალულია, რა თქმა უნდა, ეს არის არგუმენტი და ვიზიარებთ ამ არგუმენტს, მაგრამ გასათვალისწინებელია კონტექსტი, როდესაც ამ ტიპის გამოსვლა და ინიციატივა გამოჩნდა, სად, რა ადგილს და ვის ძეგლს ეხება ის.

ჩვენ ძალიან მარტივი პოზიცია გვაქვს ამასთან დაკავშირებით - რა თქმა უნდა, დეკომუნიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, აუცილებელი და ძალიან დაგვიანებულიც. დღეს, საბჭოთა რეჟიმის დაცემიდან 30 წლის მერე რომ ისევ ამაზე ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს, რომ სერიოზული პრობლემა აქვს საზოგადოებას. მეორე მხრივ, ეს უნდა იყოს საზოგადოებრივი განვითარებისა და აქტიურობის მწყობრი და ძლიერი პროგრამის ნაწილი. ამის გარეშე, ასე განყენებულად, ძალიან მიკროზონაში, ერთი კონკრეტული ისტორიული პერსონაჟის, სიმბოლოს წინააღმდეგ ასეთი გალაშქრება, ძალიან არაპროდუქტიული მგონია, მითუმეტეს, რომ ის ასოცირდება ჩვენი თანამოქალაქეების ეთნიკურ ჯგუფთან, რომელსაც აქვს თავისი კულტურული, განმასხვავებელი წარსული. აქვს თავისი კოლექტიური მეხსიერება და საბჭოთა მემკვიდრეობით, ეს პიროვნება და ეს ძეგლი ძალაუნებურად ამ მეხსიერების ნაწილადაა ქცეული. ასე ზემოდან და განყენებულად, ასე აქცენტირებულად მასზე შეტევა არაფრით არ ემსახურება არც საზოგადოების განვითარებას და არც დისკუსიის გაღრმავებას. ის სამწუხაროდ, უფრო კონფლიქტური და უფრო სახიფათო მესიჯი აღმოჩნდა.

  -  რამდენად ეფექტურია 2011 წელს მიღებული თავისუფლების ქარტია, რომელიც კრძალავს საბჭოთა სიმბოლიკების გამოყენებას. რეაგირებენ თუ არა სახელმწიფო უწყებები კანონდარღვევებზე და ზოგადად, ვინ არის პასუხისმგებელი ამ კანონის აღსრულებაზე. ვინ უნდა შეისწავლოს ეს სიმბოლიკა, კომუნისტური თუ ფაშისტური და ვინ უნდა მიიღოს ზომები?

- კრძალავს ძალიან კატეგორიული ნათქვამია. ცდილობდა აეკრძალა, მაგრამ პრაქტიკაში ჩვენ მისი მოქმედება ძალიან იშვიათად გვინახავს. რეალურად, ეს კანონი მოიცავდა ტერორისტულ, სახელმწიფო უსაფრთხოების, თანამედროვე გამოწვევების კუთხით რეგულაციებს, თუმცა ტოტალიტარიზმის მეხსიერების, მემკვიდრეობის კუთხით რაც შერჩა მოქმედი, ეს არის საჯარო სივრცეში ტოტალიტარული, კომუნისტური და ნაცისტური სიმბოლიკის გამოყენების აკრძალვა. თუმცა დღემდე ვერავისკენ გაიშვერ ხელს და იტყვი, რომ მას უნდა მივმართოთ მსგავსი დარღვევების შემთხვევაში, იმიტომ რომ, თვითონვე ეს ქარტია რამდენჯერმე შეიცვალა, შეიკვეცა, დაზუსტდა, მაგრამ მთავარი რაც უნდა ყოფილიყო, ანუ ქმედითობა, ფაქტობრივად, დარჩა ქაღალდზე.

უნდა დაკომპლექტებულიყო კომისია. ეს კომისია ქაღალდზე ყოველთვის არსებობდა, მაგრამ თუ საკანონმდებლო მაცნეში არ წაიკითხე, ვერაფრით გაიგებ, ვინ არიან, ან თუ არიან და რამეს თუ აკეთებენ. მათი ვალი იყო და არის დღემდე, რომ პროაქტიულად მოეძიებინათ, აღერიცხათ, დაეზუსტებინათ ყველა მსგავსი სიმბოლო საჯარო სივრცეში და მერე ემსჯელათ, იდეალურ შემთხვევაში, საზოგადოების ფართო ჩართულობით, რომ რას ვუშვებით ამ სიმბოლოებს. დასაწყისიდან დღემდე იყო რამდენიმე ფაზა. ერთი, რომ პირდაპირ, ან კომისიის გარეშე, სახელმწიფოს ბრძანებით დაიწყო ამ ტიპის ნიშნების განადგურება/ ჩამოფხეკა. მაგალითად, მოიჭრა თუკი სადმე იყო ლენინის და სტალინის გამოსახულება ან ხუთქიმიანი ვარსკვლავი ან გერბი. შემდეგ, უკვე როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, დავინახეთ უკუპროცესი, რომ მოსახლეობამ ისევ გამოიტანა გადამალული ძეგლები, ან დაშლილი სტალინის ძეგლები და ისევ დადგა საჯარო სივრცეში. ამის გამო არავის პასუხისმგებლობა, რეალურად, არ დამდგარა. ვხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით გაძლიერებულ პრორუსულ დაჯგუფებებს, ღიად პრორუსულ დაჯგუფებებს, რომლებისთვისაც საბჭოთა კავშირი ძალიან პოზიტიური და ასე ვთქვათ, საპროპაგანდო ელემენტია. ვხედავთ, როგორ თავისუფლად იყენებენ ისინი ამ სიმბოლიკას და შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ სიტყვიერი გაფრთხილებისა და განცხადებების გარდა არაფერია. სხვათაშორის, სუსი ამ ბოლო ხანებში, რატომღაც აქტიურად გამოჩნდა, იმიტომ, რომ ამ ქარტიის დებულებით, გარკვეული ფუნქციებით უნდა შესულიყვნენ ამ კომისიაში, მაგრამ განცხადებების იქით, რეალურად არაფერიც არ გაუკეთებია ამ კომისიას. ასეთ რეჟიმში იმყოფება ჩვენი საზოგადოება და ტრაგიკომიკურია, როდესაც ხედავ, რომ ამხელა საერთო ეროვნულ დონეზე დგას ეს პრობლემა და სიტყვაც კი არავის ახსოვს რელიგიური ინსტიტუტიდან ამ პრობლემის გარშემო. ახლა, მაინცდამაინც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლის ძეგლზე დაიწყეს აქცენტირება, რის გამოც, შეიძლება, მათ გულწრფელობაში ეჭვი შეიტანო. 

შეგვიძლია ვნახოთ უამრავი ძეგლი და სიმბოლო საჯარო სივრცეებში, განსაკუთრებით რეგიონებში. აი, ამ წუთას კახეთში ვიმყოფები და თითქმის ყველა სოფელში, სადაც გაივლი, შეიძლება უეცრად ნახო სტალინის პორტრეტი, ან ძეგლი ქუჩაში,სკვერში, ან ომის მემორიალებთან ერთად. ეს ფაქტია, რომელიც ჩვენს ცხვირწინაა. ძეგლებს რომ თავი დავანებოთ, გორის მთავარ პროსპექტს ჯერ კიდევ სტალინის პროსპექტი ჰქვია. როდესაც ადგილზე ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა დაიწყეს კამპანია, რომ რატომ უნდა ერქვას სტალინის სახელი, ახლა, 21-ე საუკუნეში, დამოუკიდებელ საქართველოში გორის ერთ-ერთ მთავარ ქუჩას, საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდა ამას საზოგადოების ნაწილის მხრიდან და, რა თქმა უნდა, ადგილობრივმა თვითმმართველობამაც არ განავითარა ეს ინიციატივა. შესაბამისად, ჯერ კიდევ  სტალინის ქუჩაზე იმყოფება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.

 -  თქვენი აზრით, რატომ არ რეაგირებს ხელისუფლება კანონდარღვევაზე და რეალურად, რატომ გვაქვს უმოქმედო კანონი?

 - ეს კანონი გახდა საჭირო მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკური კურსის შესაბამისად. ეს იყო მცდელობა საზოგადოების მოდერნიზების, ამ ტოტალიტარიზმისგან გათავისუფლების, ამ გამოცდილების გაზიარებისა, მაგრამ ძალიან ზედაპირულ დონეზე. სამწუხაროდ, მაშინ ამ პოლიტიკურ ელიტას, რომელმაც მსგავსი კანონმდებლობა მიიღო და სცადა რაღაცა კუთხით მეხსიერების პოლიტიკის წარმოება ოკუპაციის მუზეუმის გახსნით, ქუჩებისთვის სახელის გადარქმევით და სხვა, არც გამოცდილება არ აღმოაჩნდა და არც სერიოზული მობილიზება ყოფილა ამ საკითხების გარშემო. რაც მთავარია, საზოგადოება იყო თვითონ ძალიან სუსტი. პარალელური ინიციატივები, დისკუსია არ ყოფილა. ეს იყო პოლიტიკურად ზემოდან ქვემოთ, ძალიან ზედაპირული და სამწუხაროდ, უფრო პიარზე ორიენტირებული პროცესი. სწორედ ამის ფარგლებში გაჩნდა თავისუფლების ქარტია. ძირითადი ფუნქცია, რაც მას უნდა ჰქონოდა ლუსტრაციის მიმართულებით, ფაქტობრივად, იმთავითვე ქაღალდზე დარჩა. მაშინ როდესაც სახელმწიფო აცხადებს, რომ მას არ აქვს დოკუმენტაცია იმის შესაფასებლად და დასადგენად, თუ ვინ იყო საბჭოთა სპეცსამსახურების ოფიციალური ან საიდუმლო თანამშრომელი, იმის ჩაწერა, რომ მათ ნაწილს ეკრძალება სახელმწიფო თანამდებობების დაკავება, თავიდანვე მკვდრადშობილი ნორმა იყო. ეს იყო მაშინ ზედაპირულად, ნაჩქარევად მიღებული კანონი. 2012-ში ხელისუფლება იცვლება და ახალ ხელისუფლებას კიდევ არ აქვს არანაირი პოლიტიკა კოლექტიური მეხსიერების კუთხით და მითუმეტეს ტოტალიტარული წარსულისგან გამიჯვნის ან დაძლევის მხრივ ფაქტობრივად, პულსი არ აღენიშნება. ეს თემა მათთვის არანაირად პრიორიტეტული არ ყოფილა და დღემდე ასე მოდის, ინერციით. თუკი რამე იცვლება, ამ ცვლილებების ინიციატორები არიან სამოქალაქო ჯგუფები, მედია, ისეთი ტიპის პროფესიული ორგანიზაციები, როგორსაც ჩვენ წარმოვადგენთ. და სრული იგნორი სახელმწიფოს მხრიდან. არ ხედავს სახელმწიფო აქ თავის თავს. მეტიც, თუკი ვინმე მოტივირებულია, რომ იმუშაოს და იკვლიოს, მას წინ ხვდება კედელი სახელმწიფო არქივებში. არსებული კანონმდებლობით ნაწილობრივ გიკრძალავენ ამ დოკუმენტაციაზე მუშაობას, ხოლო ის რაც ღიაა და ძველ პერიოდს ეხება, 1940-ან წლებამდე, იქ ისეთი ფასებია დოკუმენტებით სარგებლობაზე, რომ სრულფასოვნად მუშაობას ვერავინ შეძლებს. აი, ამ გარემოში ვართ და შესაბამისად, რა თქმა უნდა, არ არის გასაკვირი, რომ ეს პრობლემა დროდადრო ამოყოფს ხოლმე თავს და გვახსენებს, რამდენად ჩამოვრჩით ჩვენი საკუთრი წარსულის კრიტიკულად გააზრებისა და ამ წარსულის მავნე ზეგავლენისგან გათავისუფლების პროცესს.

  -  მარნეულის მაგალითს რომ დავუბრუნდეთ, ძეგლის ირგვლივ დიდი აზრთა სხვადასხვაობა, ბევრი რადიკალურად განწყობილი ჯგუფია, როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა, რაში ხედავთ ამ მდგომარეობიდან გამოსავალს?

- ჩვენი მიდგომით და ხედვით, მთავარი ყოველთვის უნდა იყოს ადგილობრივი საზოგადოება, მისი სურვილი, ნება და მისი ღირებულებები. უკვე ვნახეთ, რომ ძეგლის მოხსნით ფაქტორივად არაფერი იცვლება. 2012 წლამდე, ზემოდან ბრძანებით აიღეს მთავარი ძეგლი გორში და სხვადასხვა წვრილ-წვრილი ძეგლები, მაგრამ არაფერი შეცვლილა ადამიანების ტვინებში, რომლებშიც ის ძეგლი რაღაცას ნიშნავდა. არ ვლაპარაკობთ იმაზე, ეს სწორია თუ არასწორი, დადებითი თუ უარყოფითი, უბრალოდ ფაქტია, რომ ასეა. როგორც კი ეს წნეხი, კანონმდებლობის ან პოლიტიკური ნების დონეზე, გაქრა, ის ძეგლები ისევ დაბრუნდა, ამიტივტივდა. თუკი საზოგადოება და კონკრეტული ადამიანი არ აცნობიერებს, რა არის ეს, რისი სიმბოლოა და რატომ უნდა იყოს ის მიუღებელი თანამედროვე მოქალაქისთვის, მას ძალით ვერ გადაარწმუნებ, ვერ აიძულებ გაემიჯნოს, პირიქით, ეს სიმპატიას გააძლიერებს და კულტადაც აქცევს. ცოტა უხეში შედარებაა, მაგრამ აი, ახლა რომ ჩავიდეთ, ეს ძეგლი მოვხსნათ, ან ცარიელი დავტოვოთ ის ადგილი, ან რაღაც სხვა დავამონტაჟოთ. ადგილობრივი საზოგადოებისთვის ეს შეიძლება იყოს ისეთი ეფექტის მქონე, როგორიც იყო 1956 წელს ქართველებისთვის სტალინის ძეგლის აღება და რაც მოჰყვა ამ ამბებს, კი ვიცით, იმიტომ რომ, იმ თაობისთვის და იმ მოქალაქეებისთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო, თუ რატომ არ უნდა ყოფილიყო სტალინი კარგი ძია. იმიტომ, რომ არ ჰქონდათ არც ალტერნატიული ინფორმაცია და ამავე დროს, საბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდის და სტალინის კულტის ქვეშ იყვნენ გაზრდილნი. შესაბამისად, ძეგლის აღებამ და დემონსტრაციის დარბევამ, 1956 წლის მარტის ტრაგედიამ, არათუ შეასუსტა სტალინის კულტი საქართველოში, პირიქით, რაღაცნაირად დამატებითი განზომილება შესძინა მას, დაჩაგრულის და წამებულის იმიჯი შეუქმნა, გააძლიერა და დღემდე მოგვსდევს.

ნარიმანოვის შესახებ მეხსიერებაში ყოველთვის აქცენტირებული იყო მისი საგანმანათლებლო საქმიანობა, რაც მან ნაციონალური იდენტობისთვის კარგი და დადებითი გააკეთა - ეს გახდა საზოგადოების კოლექტიური მეხსიერების ნაწილი და დღეს, როდესაც სხვა, არა ადგილობრივი ზემოდან მოდის და ეუბნება, რომ ეს ცუდია და უნდა მოვხსნათ, მარტივად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ რა კონტრ-რეაქცია ჩნდება საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეში.

ყველაფერი უნდა დავიწყოთ სხვაგვარად, რომ გავიგოთ უფრო მეტი, შევაფასოთ, ვიმსჯელოთ, რომ რა არის მისაღები, რომელმა უფრო უნდა გადაწონოს, დამსახურებებმა თუ თანაარქიტექტორობამ ტოტალიტარული სახელმწიფოსი, რომელმაც ბევრი დადებითი პროცესის წარმმართველი ადამიანი ფიზიკურად მოსპო, თუნდაც იმავე რეგიონში, ქვეყანაში, თუნდაც მთლიანად ყოფილ საბჭოთა კავშირში. აი, ეს თუ არ იქნა გასაგები საზოგადოების, როგორც ერთი მთელისთვის, და ცალკე მოქალაქისთვის, ასე ფიზიკურად მოხსნა-გადამალვით არაფერი შეიცვლება, პირიქით, უფრო გაღრმავდება პრობლემა. როგორც ხედავთ, დღეს ვინც აქტიურობს, უმრავლესობას ამის არანაირი სურვილი და გამოცდილება არ აქვს და არც გაგება აქვს იმის, თუ რა ველზე შევიდა. ამ რადიკალიზაციას და საკითხის ამ ჭრილში გადაყვანას მოსდევს მერე ძალიან ცუდი შედეგები, რაც გვინახავს არაერთხელ ჩვენს უახლოეს წარსულში და იმედი მაქვს, რომ აღარასოდეს გავიმეორებთ.

 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]