weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად ბიუჯეტიდან 32.5 მლნ ლარი დაიხარჯა

15:08 პარასკევი, 05 ივნისი 2020

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, საკარანტინო სივრცეები ქვეყნის 80-ზე მეტ სასტუმროში მოეწყო. როგორც მთავრობის ანგარიშიდან ირკვევა, ამისთვის სახელმწიფომ 32.5 მილიონი ლარი დახარჯა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ სამთავრობო ანგარიშში ნათქვამია, რომ სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნა, 2020 წლის 10 მარტიდან, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე დაიწყო. ხელისუფლებამ მოლაპარაკებები აწარმოა 300-ზე მეტ სასტუმროსთან და საბოლოოდ 23 მცირე ზომის (5-დან 40 ნომრამდე), 42 საშუალო (41-დან 100 ნომრის ჩათვლით) და 18 დიდი ზომის სასტუმრო (101 ნომერი და ზემოთ) შეარჩია.

მთავრობა განმარტავს, რომ სასტუმროს შერჩევისას ითვალისწინებდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციებს. იმ სასტუმროებიდან რომელთაც პროექტში ჩართვის სურვილი გამოთქვეს, უპირატესობა მიენიჭათ ისეთებს, რომლებიც აეროპორტებსა და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტების სიახლოვეს ან მჭიდროდ დასახლებული ადგილებისაგან მოშორებით მდებარეობდა. ხოლო მოგვიანებით, ნაკადის ზრდასთან ერთად, საკარანტინო სივრცეებისთვის განთავსების ობიექტები ამ პრიორიტეტების მიღმაც შეირჩა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით, სასტუმროს ნომრებს უნდა ჰქონოდათ ცენტრალური ან/და ინდივიდუალური გათბობა/გაგრილების ისეთი სისტემა, რომელიც არ ითვალისწინებს ოთახებს შორის ჰაერის ცირკულაციას. სასტუმროებს უნდა უზრუნველეყოთ ადამიანური რესურსის ადგილზე მობილიზება და დღეში სამჯერ სტუმრების გამოკვება.

შერჩეულ  სასტუმროებს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, მთავრობა ნომრის ღირებულებაზე ინდივიდუალურად შეუთანხმდა, ხოლო 21 მარტის შემდეგ, აამოქმედა ერთიანი ტარიფი, სადაც ნომრის ღირებულება - 59 ლარით განისაზღვრა (დღგ-ს ჩათვლით). ამ თანხიდან 25 ლარი გათვალიწინებული იყო სამჯერად კვებით მომსახურებაზე.

ანგარიშიდან ვიგებთ, რომ 22 მაისის მდგომარეობით, საკარანტინო ზონაში შედიოდა ქვეყნის მასშტაბით 84 სასტუმრო, რაც ჯამში აერთიანებდა 6 500-ზე მეტ ოთახს, სადაც სავალდებულო კარანტინი 19 002 ადამიანმა დაასრულა. ამასთან, ორი თვის განმავლობაში, მუდმივად დაკავებული იყო საშუალოდ 4 500-5 000 ოთახი.

მთავრობა ანაგარიშის ბოლოს დასძენს, რომ საკარანტინო  ზონების პროექტი ეფექტური ღონისძიება იყო არამხოლოდ  COVID 19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში, არამედ პროექტის ფარგლებში, სამსახური და შემოსავალი შეუნარჩუნდათ იმ ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან სასტუმროების მომსახურების სექტორში, სატრანსპორტო და სადისტრიბუციო სერვისში, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებაში და სხვა.

საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში განხორციელებულ ტენდერებს და პირდაპირ შესყიდვებს სწავლობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, რომელმაც პირველი კვლევა ამ თემაზე 2 ივნისს გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, საკარანტინო სივრცის მოწყობის მიზნით, სასტუმრო „ყვარლის ედემთან“ გაფორმებული კონტრაქტი კორუფციის რისკების მატარებელია. „ყვარლის ედემთან“ დაკავშირებულ პირებს 2019-2020 წლებში „ქართული ოცნებისთვის“ სულ 235,000 ლარი აქვთ შეწირული. სასტუმროს მფლობელებმა და დირექტორმა ალექსანდრე მაღრაძემ ,,ქართულ ოცნებას“ ბოლოს 2020 წლის 20 და 23 მარტს შესწირეს 65,000 ლარი, რამდენიმე დღეში კი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან, გამარტივებული შესყიდვის გზით, 277,300 ლარიანი კონტრაქტი მიიღეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]