მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ აქტივისტი, ალექსანდრე მილორავა, ვიზეც მთავრობის თავმჯდომარე საუბრობს, მერვე დღეა, აჭარის ტელევიზიასთან, დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით შიმშილობს.
"რიჟვაძის მამამ, 9 წლის წინ, თავები დაუხეთქა იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემსავით იბრძოდნენ აჭარის მაუწყებლისა და სიტყვის თავისუფლებისთვის. ასე, რომ არც მისი გამოხმაურება არის გასაკვირი და არც მისი დამოკიდებულება. ეს კიდევ აღნიშნავს და ხაზს უსვამს, მის მდაბიო პოლიტიკურ და ადამიანურ სტატუსს, - უთხრა "რეგინფოს" ალექსანდრე მილორავამ.
"რეგინფოს" კითხვაზე, აქციის დაწყებიდან რვა დღის შემდეგ, თუ არის გამოხმაურება საბჭოს წევრებიდან, ალექსანდრე მილორავამ უპასუხა: "მქონდა გამოხმაურება, გუშინ შემხვდა თამაზ წილოსანი, რომელმაც პირობა მომცა, რომ გუშინ ან დღეს ისიც დააყენებდა დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს და დღეს მან განაცხადა, რომ ამას ორშაბათამდე არ გააკეთებს. მე ვთვლი, რომ სპეციალურად დრო გაჰყავთ და ჩემი ჯანმრთელობასა და გამძლეობას ცდიან. აქვე მინდა მივცე პირობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ მე დავნებდები ამ ბრძოლას და ისინი შეძლებენ დროის გაწელვით თავი გადაირჩინონ, ვერ მოახერხებენ ამას, იმიტომ, რომ ვიბრძოლებ ბოლომდე."
მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ალექსანდრე მილორავა, სოლიდარობას უცხადებს ტელევიზიიდან გათავისუფლებულ ჟურნალისტებს და აჭარის მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტს ითხოვს. მილორავა, ასევე ითხოვს, თავიანთ პოზიციებზე დააბრუნონ კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ გათავისუფლებული ჟურნალისტები.
გუშინ, კოხრეიძის იმპიჩმენტის მოთხოვნა მრჩეველთა საბჭოში მისმა ერთმა წევრმა, გია ქარცივაძემ დააყენა, თუმცა პროცესის დაწყებას ბორდის ორი წევრის მოთხოვნა სჭირდება. როგორც გია ქარცივაძემ „რეგინფოს“ უთხრა, ის მრჩეველთა საბჭოში მოლაპარაკებებს აწარმოებს.
დღეს, 5 ივნისს, საღამოს 7 საათზე აჭარის ტელევიზიასთან საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.