მარიამჯვრის ნაკრძალი 1935 წელს შეიქმნა. ნაკრძალში შენარჩუნებულია ე.წ. სოსნოვსკის ფიჭვის ხელუხლებელი ლანდშაფტი, რომლის ანალოგიც არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც არ მოიპოვება. დღეისათვის მარიამჯვრის ნაკრძალის ადმინისტრაციაში ასევე შედის ყორუღის აღკვეთილი (2068 ჰა) და იორის აღკვეთილი (2126,8 ჰა). კანონპროექტით, დაემატება ცივ-გომბორის აღკვეთილი.
ცივ-გომბორის აღკვეთილი მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ცივ-გომბორის ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფერდობებზე, საგარეჯოს და სოფელ გიორგიწმინდის ჩრდილოეთით საზაფხულო აგარაკებამდე (კოდა, ცივი) და ცივ-გომგორის ქედის ჩრდილოეთი ექსპოზიციის მდინარე კისისხევის ტყის ფონდის ტერიტორიაზე თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის მოსაზღვრედ. აღნიშნული ტერიტორია მარიამჯვრის ნაკრძალს ესაზღვრება დასავლეთის, ჩრდილო და ჩრდილო აღმოსავლეთის მხრიდან.
ეს ტერიტორია ზურმუხტის ეკოლოგიურ ქსელში შედის, სადაც წარმოდგენილია სპეციალური კონსერვაციული მნიშვნელობის ტერიტორიები, რომლებსაც გრძელვადიანი გარანტირებული დაცვა ესაჭიროება. ამ ტერიტორიაზე წარმოდგენილია როგორც ფოთლოვანი ასევე ფოთლოვანთან შერეული ფიჭვის, ღვიისა და უთხოვრით წარმოდგენილი წიწვოვანი ხეები, ხეთა ჯგუფები და კორომები.
აღნიშნული ადგილი კლიმატური მნიშვნელობის პულმონოლოგიური (ფილტვებისა და ასთმის სამკურნალო), კარდიოლოგიური, ნევროლოგიური და პროფილაქტიკური მნიშვნელობის საკურორტო ტერიტორიაში შედის.
ცივ-გომბორის აღკვეთილისთვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია საქართველოს წითელი ნუსხით დაცული ისეთი მერქნიანი სახეობები როგორიც არის მაღალმთისა და ჭალის მუხა და უთხოვარი. საქართველოს წითელი ნუსხის ცხოველთა სამყაროდან წარმოდგენილია მურა დათვი და იშვიათად გვხვდება კეთილშობილი ირემი.
ცივგომბორის აღკვეთილისთვის 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 55 200 ლარი უნდა გამოიყოს, რომელიც საჭირო იქნება მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციაში დამატებით 1 უბნის უფროსი რეინჯერის და 4 რეინჯერის ასაყვანად.
კანონპროექტის ინიციატორები საქართველოს პარლამენტი წევრები ნინო წილოსანი, სულხან მახათაძე, კახაბერ კუჭავა, დავით სონღულაშვილი და რომან მუჩიაშვილი არიან.
მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის დირექტორის ზვიად ტიგინაშვილის თქმით, ცივ-გომბორის ქედზე აღკვეთილის შექმნას რამდენიმე წელია ითხოვენ: „ახალი აღკვეთილის შექმნის პარალელურად, მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალს სტატუსი შეეცვლება და დაცული ტერიტორიები გახდება, რაც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საშუალებას მოგვცემს. მოეწყობა როგორც საფეხმავლო და საცხენოსნო ბილიკები, მოინიშნება გზები ველო და ჯიპტურებისთვის. აქამდე მოკლებული ვიყავით ამ შესაძლებლობას, რადგან თავისი სტატუსიდან გამომდინარე ნაკრძალში შემავალი ყორუღის და იორის აღკვეთილები სამონადირეო მეურნეობებია და შესაბამისად, იქ ეს ტურები არ გვქონდა“.
კანონპროექტის მიხედვით, კანონის მოქმედება არ ვრცელდება ცივ-გომბორის აღკვეთილის ტერიტორიებზე კანონის ამოქმედებამდე არსებულ ქონებრივ ურთიერთობებზე (მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის, უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, გაცვლის, გაჩუქების, მემკვიდრეობით გადაცემის, იპოთეკისა და იჯარით გაცემის შემთხვევებში არსებულ ურთიერთობათა ჩათვლით); სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე.
კანონი 2021 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.