weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფორმებისა და ფეხსაცმელების წარმოება იყო და არის გამოწვევა - ირაკლი ღარიბაშვილი

10:18 სამშაბათი, 09 ივნისი 2020

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ფორმებისა და ფეხსაცმელების წარმოება იყო და არის გამოწვევა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ „დელტა“ ხდება საქართველოში მდებარე უახლესი იტალიური და იაპონური დანადგარების მქონე ფაბრიკის თანაპარტნიორი, რაც არამხოლოდ თავდაცვის, არამედ სხვა უწყებების პრობლემებსაც მოაგვარებს ხარისხიან ფორმებთან დაკავშირებით.

„მე თავად შევხვდი რამდენიმე ადგილობრივ მწარმოებელს, რომელიც მეტ-ნაკლებად ხარისხიან უნიფორმას აწარმოებდა. მე მათ აღვუთქვი სრული დახმარება და ვუთხარი, რომ თუ ისინი დააკმაყოფილებენ ნატოსა და ამერიკულ სტანდარტებს, პირდაპირ გრძელვადიან თანამშრომლობაზეც კი ვიყავი მზად. სამწუხაროდ, ვადებში ვერ ჩაეტივნენ და ვერც ხარისხიანი პროდუქცია წარმოადგინეს, ამიტომ მომიწია შეკვეთა ნატოს წევრ ქვეყნებში - გერმანიასა და თურქეთში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, კომპანია „დელტა“ საინტერესო შეთავაზებაზე მუშაობს, რომ გახდეს ერთ-ერთი ფაბრიკის პარტნიორი, რომელიც აღჭურვილია უახლესი იტალიური და იაპონური დანადგარებით. „კორონას კრიზისის გამო, ამ საწარმოს პრობლემები შეექმნა და  წარმოება გაჩერდა. ახლა გვაქვს შესაძლებლობა, რომ „დელტა“ თანაპარტნიორი გახდეს და რაც მთავარია, ხარისხი იქნება გარანტირებული. 350 დატრენინგებული, იტალიელი დიზაინერების მიერ მომზადებული, მკერავი, მუშაობენ ქართველები. ეს ფაბრიკა საქართველოშია და  აბსოლუტურად გამართულია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრი უხარისხო სამხედრო ფორმის შესყიდვაში ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებსაც გამოეხმაურა. „იმდენად შეურაცხმყოფელი ეპითეტები მოვისმინე ე.წ ოპოზიციის მხრიდან, რომ ამაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა მათი დამოკიდებულება ყველაზე საამაყო ინსტიტუტის, ჯარის მიმართ. ჩემგან უბრალოდ უხერხულია და მე მიმაჩნია, რომ ეს არის დანაშაული - ასეთი ეპითეტით მოიხსენიო ჯარი და შენი საამაყო ჯარისკაცები და მეორე დღეს გამოვიდნენ და თქვან, რომ ისინი არიან პატრიოტები. ეს ადამიანები არაფერზე არ ფიქრობენ, თეთრზე ამბობენ შავს, შავზე ამბობენ თეთრს. მე მათთან სალაპარაკო არაფერი არ მაქვს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი 160 დოლარად შეფასებული საათების შესყიდვის საკითხსაც შეეხო: „მე რაზეც ვარ პასუხისმგებელი, ჩემი ბიუჯეტი და ჯარია, მე ვარ ვალდებული და პასუხისმგებელი თითოეულ დანახარჯზე თუ თეთრზე, რომელსაც ვხარჯავ.  ძალიან კარგად ვიცი, რას განვკარგავ და როგორ ვხარჯავ ამ ყველაფერს. სამხედროების წახალისება ყველა ქვეყანაში ნორმაა. უბრალოდ უხერხულია ჯარს დაამადლო, თუ წამოაძახო 160 დოლარად შეფასებული საათი, თითო საათის ღირებულება 160 დოლარი გამოდის, წასახალისებელი, სამოტივაციო საჩუქარია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მან წასახალისებელ საჩუქარზე გადაწყვეტილება დეკემბრის თვეში მიიღო, როცა პანდემია ჯერ დაწყებულიც არ იყო. „თანხა 83 000 დოლარი იყო, ეს არის დაახლოებით 250 000 ლარი. ცნობილ ქართველ დიზაინერს ბატონ ზვიად ციკოლიას, რომელიც გამორჩეულია თავის კრეატიულობით, ნიჭით, ვთხოვე, კიდევ ერთი საათი შეექმნა ჩვენი ჯარისთვის. მას მანამდე უკვე ჰქონდა შექმნილი არაერთი პროექტი პირდაპირი შესყიდვის გზით და ყოველგვარი ტენდერების გარეშე. მან თავად დაწერა ემოციური „ფეისბუქპოსტი“ და მინდა, მას ასეთი გულწრფელობისთვის მადლობა გადავუხადო. ასე მოხდა შესყიდვა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]