კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. გამოცდების დაწყებამდე და გამოცდებს შორის პერიოდში საგამოცდო ოთახებში კონდიციონერები ჩართული იქნება, ხოლო გამოცდის პროცესში გამოირთვება. ამავე დროს, აბიტურიენტებს მოეთხოვებათ მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას.
„ე.წ. საყოფაცხოვრებო კონდიციონერები, რომლებიც არ არიან აწყობილი ისე, როგორც სისტემები - გარედან ჰაერის შემოტანაზე და ოთახიდან ჰაერის გატანაზე - ასეთი კონდიციონერების ხმარება ასეთ პერიოდში, ისეთ თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა საჯარო სივრცეები, არ არის ნებადართული. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, კონდიციონერები იმუშავებს იმ შენობებში გამოცდების დაწყებამდე, გამოცდებს შორის პერიოდში, მაგრამ თვითონ გამოცდის პერიოდში ფანჯრები იქნება ღია, ანუ იქნება უზრუნველყოფილი განიავება მაქსიმალურად, მაგრამ სამწუხაროდ, კონდიციონერები ვერ იმუშავებენ. თუ გამოცდის დაწყებამდე გამოჩნდა ახალი სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობილი რეკომენდაციები, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება გადაიხედება“, – განაცხადა იმნაძემ.
მისივე თქმით, გამოცდებზე აბიტურიენტებს შეეძლებათ, თავად მიიტანონ პირბადეები და კალმები, მაგრამ არქონის შემთხვევაში, მათ ადგილზე დახვდებათ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება. გამოცდებში მონაწილეობას 55 ათასზე მეტი აბიტურიენტი მიიღებს. სამაგისტრო გამოცდები პირველიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსი - 25 ივლისს.