ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გალის რაიონის სოფელ ლეკუხონაში დააკავეს 1990 წელს დაბადებული ბუთხუზ კვირკვია, 1987 წელს დაბადებული მიხეილ ლამანძია და 1992 წელს დაბადებული მათე ლამანძია. მათ წინააღმდეგ გამოძიება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „სისხლის სამართლის კოდექისის 324-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით“.
დღესვე განცხადება გაავრცელა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები უკანონოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. სუს-ის ცნობით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და მომხდარის შესახებ ეცნობა როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ისევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს.
„ამოქმედებულია ყველა არსებული ბერკეტი და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა უკანონო პატიმრობაში მყოფ პირთა გათავისუფლების მიზნით. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას“, – ნათქვამია საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.