„ატმის უხვ მოსავალს ველოდებით. საპროგნოზო რაოდენობა, დაახლოებით, 35 000 ტონაზე მეტია. წელს, სეზონზე 20 სამაცივრე მეურნეობა იმუშავებს. ახალი კორონავირუსის პანდემიური პირობებიდან გამომდინარე, გურჯაანის მუცინიპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის ტერიტორიაზე შევარჩიეთ ლოკაცია, სადაც მანქანები საექსპორტო პროდუქციით დაიტვირთებიან“, – განაცხადა პავლიაშვილმა გურჯაანში, სადაც ატმის გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებთან და ექსპორტიორებთან შეხვედრა გაიმართა.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ფერმერებმა, მწარმოებლებმა და ექსპორტიორებმა გაითვალისწინონ უსაფრთხოების წესები, რომლებიც აუცილებელია ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის.
„სახელმწიფო მაქსიმალურს გააკეთებს იმისათვის, რომ ფერმერებს პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნათ“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ჩუმლაყში, სადისტრიბუციო ლოკაციაზე იმუშავებს ჯგუფი ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით, რომელთა საშუალებითაც გადამზიდი მანქანების უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლები პროდუქციის რეალიზაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის აღებას ადგილზე, „ერთი ფანჯრის“ პრინციპით შეძლებენ.
საქსტატის მონაცემებით, კახეთში 2018 წელს 21.7 ათასი ტონა ატამი მოვიდა, 2017 წელს მოსავლის რაოდენობა 29.9 ტონა იყო, 2016 წელს - 27.4, ხოლო 2015 წელს - 17.9 ტონა. გასული წლის მონაცემები საქსტატის მიერ ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის.