ამ დროისთვის, სამუშაოები 1.9-კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს. ამავე მონაკვეთზე შენდება 420-მეტრიანი ხიდი, რომელსაც საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯები ექნება.
„აღნიშნული მონაკვეთი, ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და მისი ექსპლუატაციაში შესვლით ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. პროექტის დასრულების შედეგად, ასევე გაიზრდება ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო, გადაზიდვების ხარჯები, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას და შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.
ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის დარჩენილი 6.4 კილომეტრიან გზის მშენებლობისთვის, ამ ეტაპზე სატენდერო წინადადებების შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში აშენდება 4-ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, მოეწყობა წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.