weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს – მალხაზ მაჩალიკაშვილი

13:30 შაბათი, 13 ივნისი 2020

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმის მიერ სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად კენჭისყრას ურჩევენ, თუმცა თავად ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მაჩალიკაშვილის თქმით, თუ მისი შვილის საქმეს დასჭირდა „პოლიტიკაში კი არა, ჯოჯოხეთში წავა“.

„ვიფიქრე, ძალიან ბევრი ადამიანის თხოვნით, რომ უნდა ვიყო პარლამენტში. ეს ერთი და მეორე - ისიც ვიფიქრე,

გამომდინარე იქედან, რომ დღეს ვხედავ როგორ მექცევა თუნდაც პარლამენტი და ყველა სახელისუფლებო ორგანო, ხომ არ იქნებოდა სამართლიანობის მისაღწევად უკეთესი, რომ ვიყო მაჟორიტარი.

არა მარტო ჩემი გულისთვის, არამედ იმ უსამართლობით დაჩაგრული, ამ მახინჯი სისტემით დაჩაგრული ადამიანებისთვის, მხედველობაში მყავს მახინჯი სასამართლო, მახინჯი პროკურატურა და მახინჯი პარლამენტი. იმ პარლამენტში არაინ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, მაჩალიკაშვილს რა უნდა პარლამენტშიო, ისინი თუ იმ პარლამენტში სხედან, მაჩალიკაშვილი შეიძლება ამერიკის სენატშიც დასვან. თავის ქება არ გამომივიდეს, მე ვგულისხმობ, იმდენად დებილები არიან“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

ჟურნალისტის კითხვაზე, დამოუკიდებლად აპირებს სცადოს შანსები, თუ რომელიმე პარტიასთან ერთად, მალხაზ მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

„მე პოლიტიკაში წასვლაზე გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს. ასეთ გაუბედურებულს ამდენ ტალახს მესვრიან და იქ უფრო მეტი გამოჩნდება.

სიმართლე რომ გითხრათ, მე ეს არ მინდა. მაგრამ, როგორც ყოველთვის ვაცხადებდი, თუ დასჭირდა თემირლანის საქმეს პოლიტიკაში კი არა, ჯოჯოხეთში წავალ“, – აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

თბილისის პროკურატურამ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გამოძიება, რომელიც 2017 წლის 27 დეკემბერს, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების მუხლით დაიწყო, 2020 წლის იანვარში შეწყვიტა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. პროკურატურის მტკიცებით, სპეციალური დანიშნულების რაზმის არცერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე სტრასბურგის სასამართლოშია გასაჩივრებული. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), რომელიც მაჩალიკაშვილების ოჯახის ინტერესებს წარმოადგენს, დაობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და 13-ე მუხლის (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]