გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 2 ივნისს, ბათუმში მდებარე საკათედრო ტაძარში მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 30 ლარამდე თანხას და საეკლესიო ნივთებს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ თ.ღ.-მ მიმდინარე წლის მარტში, ბათუმში, ერთ-ერთ მოქალაქეს საფულე და მობილური ტელეფონი მოჰპარა, ხოლო მაისში - სავაჭრო ჯიხური გაქურდა და გასაყიდ სუვენირებს უკანონოდ დაეუფლა.
შსს-ის განცხადებით, პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით არაერთგზის ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.