ილია მეორის კურთხევით, მაიკ პენსსა და მის მეუღლეს წმინდა ნინოს ჯვარი აჩვენეს, რომელიც მრევლის წინაშე წელიწადში მხოლოდ ორჯერ გამოდის.
„ვიცე-პრეზიდენტს საშუალება ჰქონდა ენახა სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი და ზუსტი ასლი ივერონის ყოვლად წმინდა ხატისა. ასევე, გვქონდა საშუალება გვეჩვენებინა წმინდა ნინოს ჯვარი. ვიცე-პრეზიდენტმა გამოხატა ძალიან დიდი პატივისცემა და მოწიწება იმ სიწმინდეების მიმართ, რაც სიონის ტაძარში არის დაცული,“ - განაცხადა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
მისივე ცნობით, ილია მეორემ მაიკ პენსსა და მის მეუღლეს საჩუქრად ოქროს სამაჯური და ოქროს ჯვარი გადასცა, რომელიც ცნობილია როგორც თამარის ჯვარი. პატრიარქმა ვიცე-პრეზიდენტს სთხოვა, რომ მისი საჩუქრები - ოქროს სამაჯური და ოქროს ჯვარი, აშშ-ის პრეზიდენტისთვის და პირველი ლედისთვის, დონალდ და მელანია ტრამპებისთვის გადაეცა.
„ვიცე-პრეზიდენტმა ძალიან დიდი პატივისცემით უპასუხა საქართველო პატრიარქს, რომ ის პირადად გადასცემდა პატრიარქის საჩუქრებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და პირველ ლედის,“ - აღნიშნა გიორგი ზვიადაძემ.
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი საქართველოს გუშინ ეწვია. დღეს ის ოპოზიციის წარმომადგენლებს, პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს შეხვდა. ასევე შეხვდა „ღირსეული პარტნიროი 2017“-ის მონაწილე სამხედროებს. მისი ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება. თბილისიდან მაიკ პენსი მონტენეგროში გაემგზავრება.