ანგარიშში აღნიშნულია, რომ რესპონდენტებს, განსაკუთრებით, კაცებს, ღრმად აქვთ გამჯდარი ჰომოფობიური შეხედულებები. ქალების ნახევარზე მეტი და ათიდან რვა კაცი აცხადებს, რომ არასოდეს ეყოლება ჰომოსექსუალი მეგობარი. კიდევ უფრო მეტს სჯერა, რომ ჰომოსექსუალებს არ უნდა ჰქონდეთ ბავშვებთან მუშაობის უფლება, და რომ ჰომოსექსუალი შვილის ყოლა სამარცხვინოა. ფოკუსჯგუფების შედეგებმა თანაბრად გამოავლინა ჰომოფობიური დამოკიდებულებები და ქცევები.
უფრო კონკრეტულად, გამოკითხული კაცების 83% და გამოკითხული ქალების 74% ამბობს, რომ ჰომოსექსუალი შვილის ყოლა შერცხვებოდა; გამოკითხული კაცების 83% და ქალების 64% მიიჩნევს, რომ ჰომოსექსუალ კაცებს/ქალებს არ უნდა ჰქონდეთ ბავშვებთან მუშაობის უფლება; გამოკითხული კაცების 81%-ის და გამოკითხული ქალების 54%-ის თქმით, არასოდეს ეყოლებათ ჰომოსექსუალი მეგობარი.
კვლევაში „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება“ სულ 2408 რესპონდენტი მონაწილეობდა, მათ შორის 1102 კაცია, ხოლო 1296 ქალი. კვლევა მოიცავს რაოდენობრივ და თვისობრივ კომპონენტებს. რაოდენობრივი კვლევა ფარავს მთელ საქართველოს, ხოლო თვისობრივი კვლევა ჩატარდა ხუთ რეგიონში - თბილისში, კახეთში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიაში.
კვლევა მომზადდა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.