საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის მიერ ფიცის დადების ცერემონია საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა. ბათუმში, სასამართლოს წინ შეკრებილი აქტივისტები, მათ შორის პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრები, აცხადებდნენ, რომ როინიშვილის დანიშვნა მიუღებელია.
„ამ შენობაში ჩვენ ვხედავთ ჩაბეტონებას უსამართლობის, ჩაბეტონებას წარსულის, რომლის გაგონებაც და დანახვაც არ გვინდა. ჩვენ გვჭირდება მომავალი ბატონი როინის გარეშე, ადეიშვილების გარეშე“, – განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ ბათუმის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა, ირაკლი კუპრაძემ.
ფიცის დადების ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები და ყოფილი თავმჯდომარე ზაზა თავაძე, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.
ვასილ როინიშვილი 2009 -2020 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო. ის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად 2020 წლის 29 მაისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ დაინიშნა. როინიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში ზაზა თავაძე შეცვალა, რომელსაც მოსამართლეობის უფლებამოსილების ვადა 15 ივნისს ამოეწურა.
გამოცემა „ბათუმელების“ ინფორმაციით, 2006-2008 წლებში ვასილ როინიშვილი აჭარის პროკურორი იყო. მისი პროკურორობის პერიოდს უკავშირდება არაერთი რეზონანსული საქმე, მათ შორის, სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმე, რომელიც დღემდე არ არის გამოძიებული.