საპროტესტო აქცია 19:00 საათზე დაიწყება.
„ერთი წლისთავზეც სირცხვილია და უფრო მეტადაც - საკუთარ შეცდომაზე სწავლის ნაცვლად ხელისუფლებამ გამოცხადებული ომი კიდევ უფრო გაამწვავა და თავისუფალ აზრს დაუპირისპირა როგორც ადმინისტრაციული რესურსი, ასევე მის მიერ მართული მედია და ასეულობით ყალბი ანგარიში სოციალურ ქსელში.
ერთი წლისთავზე ჩვენ გვჯერა, რომ ამ მასშტაბის ბოროტების დამარცხება მხოლოდ ერთად დგომითაა შესაძლებელი. ყველას, ვისაც გაწუხებთ: ერთპიროვნული მმართველობა, სადაც პასუხისმგებელი ხალხის წინაშე არავინ არის; ადამიანის უფლებების სისტემატური რღვევა; სახელმწიფოს ყველა შტოს მიტაცება; ბიუჯეტის ფლანგვა და არჩევნების მოსაგებად განიავებული სახელმწიფო ქონება და საქართველოს ჩქარი ტემპებით რუსეთის გუბერნიად ქცევა, გელოდებით 20 ივნისს, „გავრილოვის ღამიდან“ ერთი წლისთავზე, კვლავ რუსთაველზე“, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.
ყველას, ვინც აქციაზე მისვლას აპირებს, მოუწოდებენ, დაიცვან კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით აუცილებლად დასაცავი რეკომენდაციები, კერძოდ, გაიკეთონ პირბადე (სასურველია სათვალეც), დაიცვან დისტანცია სპეციალურ სტიკერებზე დგომით, იყვირონ მხოლოდ აუცილებელ დროს.
„აქციის შემდეგ დაიცავით ჯანმოს რეკომენდაციები - თუ თვითიზოლაციის საშუალება არ გაქვთ, ატარეთ პირბადე ორი კვირის განმავლობაში. მიკროფონს ჩაუტარდება დეზინფექცია ყველა გამომსვლელის წინ“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
2019 წლის 20 ივნისს, თბილისში, მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოშიც რუსეთის დუმის დეპუტატი და ასამბლეის პრეზიდენტი, სერგეი გავრილოვი ჩამოვიდა. მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და იქიდან მიმართა დელეგატებს. ამ ფაქტმა საზოგადოების პროტესტი და მრავალათასიანი აქცია გამოიწვია. დემონსტრანტებმა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომა მოითხოვეს. აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ნაწილმა პარლამენტის შენობაში შესვლა სცადა, რასაც ჯერ სამართალდამცავებსა და დემონსტრანტების ნაწილს შორის ფიზიკური დაპირისპირება, შემდეგ კი აქციის დარბევა მოჰყვა. ხალხის დასაშლელად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა ფორმის რეზინის ტყვიები გამოიყენა, მათ შორის ისეთიც, რომელიც ცხოველებისთვისაა განკუთვნილი. გავრცელდა ვიდეომტკიცებულებები, საიდანაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდნენ.
ოფიციალური მონაცემებით, აქციის დარბევის შემდეგ საავადმყოფოებში 240 ადამიანი გადაიყვანეს, მათგან 80 სამართალდამცველი იყო. აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა. დაშავდა 30-ზე მეტი ჟურნალისტი.