სარეაბილიტაციო სამუშაოებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეჟინი“ მსოფლიო ბანკისა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ მხარდაჭერით ახორციელებს. „ვეჟინის“ აღმასრულებელი დირექტორის ლაურა ხარიტონაშვილის თქმით, მემორიალის რეაბილიტაციასა და კეთილმოწყობაზე 18 700 ლარი დაიხარჯება.
„სამუშაოები უკვე დაწყებულია. ამ ეტაპზე თავახდილი ჭები დაიხურა. დანარჩენი სამუშაოები კი სექტემბრამდე დასრულდება. ამ ადგილის კეთილმოწყობაში შვიდი ავსტრიელი მოხალისე მიიღებს მონაწილეობას, რომლებმაც ხის ჯიხურების დიზაინი შექმნეს. გამგეობის თანამონაწილეობით, მემორიალის ტერიტორიაზე მოეწყობა საპირფარეშოებიც, რაც აქამდე არ არსებობდა“, - უთხრა ლაურა ხარიტონაშვილმა „რეგინფოს“.
მისივე თქმით, პროექტის მიზანი გურჯაანში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა.
გურჯაანში დიდების მემორიალური მუზეუმი მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა საპატივსაცემოდ 1978 წლის 9 მაისს გაიხსნა. მემორიალის მთავარი სიმბოლო ჯარისკაცის მამის მონუმენტია, რომელიც ცნობილმა მოქანდაკემ, მერაბ ბერძენიშვილმა საბჭოთა ფილმის „ჯარისკაცის მამის“ მთავარი გმირის მიხედვით შექმნა. დიდების მემორიალის კომპლექსში შედის: ქვის ხუთი ბურჯი, მარადისობის კედელი, რომელზეც ამოტვიფრულია 4000 შინმოუსვლელი ჯარისკაცის სახელი და საგამოფენო დარბაზი, სადაც გამოფენილია მეორე მსოფლიო ომში ქართველების ბრძოლის ამსახველი ტილოები.