weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კაფე-ბარები და რესტორნები უსაფუძვლოდ დააჯარიმეს – საია

19:37 ოთხშაბათი, 24 ივნისი 2020

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა კაფე-ბარები და რესტორნები უსაფუძვლოდ დააჯარიმა. ორგანიზაციამ 12 დაწესებულების საქმე შეისწავლა, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით შემოღებული რეგულაციების დარღვევას რიგ შემთხვევებში ადგილი არ ჰქონია.

2020 წლის 15 ივნისს ცნობილი გახდა, რომ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა შეამოწმა სხვადასხვა კაფე-ბარი და პანდემიის პრევენციის მიზნით შემოღებული რეგულაციების დარღვევის საფუძვლით 16 მათგანი 10 000 ლარით დააჯარიმა.

„სამართალდარღვევის ოქმების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ დარღვევად მიჩნეულ ქმედებას რიგ შემთხვევებში საერთოდ არ ჰქონია ადგილი, ზოგიერთ შემთხვევაში კი, ინსპექტირების დეპარტამენტმა საზოგადოებრივი კვების ობიექტებს იმაზე მეტი ვალდებულება დააკისრა, ვიდრე ეს რეკომენდაციებით იყო მოთხოვნილი.

ასევე, სამართალდარღვევის ოქმების ნაწილში აღნიშნულია მცირე მნიშვნელობის ტექნიკური გადაცდომები, რაზეც შესაბამის უწყებას შეეძლო დაჯარიმების ნაცვლად სიტყვიერი შენიშვნა გამოეყენებინა“, - აცხადებს საია.

ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით არ არის მკვეთრად გამიჯნული სარეკომენდაციო ხასიათის და შესასრულებლად სავალდებულო მოთხოვნები, რაც ადრესატებში გაურკვევლობას იწვევს. ამასთან, რიგ შემთხვევებში დებულებები, რომლებიც თავდაპირველად სარეკომენდაციო ხასიათის იყო, მოგვიანებით გახდა სავალდებულო.

საია-ს განცხადებით, კაფე-ბარების და რესტორნების წარმომადგენლები მათთან საუბარში ამბობენ, რომ ცვლილებების განხორციელებასა და ობიექტების შემოწმებას შორის მცირე შუალედმა გაართულა ახალი მოთხოვნების დროული შესრულება.

„შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა არაერთ შემთხვევაში დარღვევად მიიჩნია კონკრეტული პროცედურის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა, მაშინ როდესაც შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით ასეთი დოკუმენტის არსებობა არ წარმოადგენდა სავალდებულო მოთხოვნას. საყურადღებოა ისიც, რომ რამდენიმე შემთხვევაში კვების ობიექტების ადმინისტრაციას ჰქონდა სურვილი მუშაობის განახლებამდე, ინსპექტირების დეპარტამენტს წინასწარ შეემოწმებინა მათი ობიექტი და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, მიეცათ შესაბამისი რჩევები მათ გამოსასწორებლად, ამ მიზნით მათ როგორც ელექტრონულად, ასევე სატელეფონო კომუნიკაციის გზით არაერთხელ მიმართეს ადმინისტრაციულ ორგანოს, თუმცა ინსპექტირების დეპარტამენტმა ეს თხოვნა არ გაითვალისწინა“, - აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

საია პანდემიის გავრცელების შესაჩერებლად კვების ობიექტებისათვის გარკვეული რეგულაციების დადგენას და მათ შესრულებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, თუმცა, აღნიშნული რეგულაციები უნდა იყოს ცხადად გაწერილი და არ უნდა იძლეოდეს ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.

საია მოუწოდეს ინსპექტირების დეპარტამენტს, ინსპექტირების განხორციელების პროცესში გამოიკვლიონ ყველა მნიშვნელოვანი გარემოება, რაც ობიექტის პასუხისმგებლობას გამორიცხავს და მცირე მნიშვნელობის ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, დაჯარიმების ნაცვლად, გამოიყენოს სიტყვიერი შენიშვნა.

„ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენს არა სუბიექტის დასჯა, არამედ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, რათა შემდგომში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი გადაცდომა“, - ციტირებს საია სააპელაციო სასამართლოს დადგენილებას და აღნიშნავს, რომ ასეთი მიდგომა ობიექტებს შესაძლებლობას მისცემს, მცირე ტექნიკური ხარვეზები აღმოფხვრან ისე, რომ არ მოუწიოთ მაღალი ფინანსური სანქციის გადახდა, რაც შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, დაჯარიმებული ობიექტებისათვის მძიმე ტვირთს წარმოადგენს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]